• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

ვინ გახდება ბორჯომის მერი?

ბორჯომში მეორე ტურია და შეიძლება ითქვას რომ მერად არჩევის რეალური შანსი აქვს ოპოზიციის კანდიდატს, ზაზა ჩაჩანიძეს. 

ზაზა ჩაჩანიძე, სახელისუფლებო კანდიდატის, ლევან ლიპარტიასაგან განსხვავებით, არა ადმინისტრაციული რესურსითა და კლანური მმართველობის, არამედ, ამომრჩეველთა მხარდაჭერით სარგებლობს.

ქალაქი აშკარად ოპოზიციურია, რაც 21 ოქტომბრის არჩევნებზეც დადასტურდა. 

მაგალითად: საკრებულოში, ჯამში უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს.

თუმცა, ზაზა ჩაჩანიძე ის გამონაკლისია, რომელსაც მხარს უჭერს როგორც ოპოზიცია, ისე ადგილობრივ სტრუქტურებში დასაქმებული ჩინოვნიკების ნაწილიც და ამის საფუძველი, პირველ რიგში, მის მიმართ გაჩენილი ნდობაა.

სამაგიეროდ, ბორჯომელები საკმაოდ ნეგატიურად არიან განწყობილნი ლევან ლიპარტიასადმი, რასაც ხელს უწყობს ე.წ. ადგილობრივი კლანისა და გიორგი აბრამიშვილის ფაქტორი.

"გედის სიმღერა"

21 ოქტომბრის არჩევნებზე, შეიძლება ითქვას რომ ბორჯომმა ძმებ ფოფხაძეების წინააღმდეგ გაილაშქრა.

მაგალითად, მაჟორიტარი დეპუტატის, გედი ფოფხაძის ძმამ, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში გამგებელი იყო, თითქმის 8 პროცენტით წააგო პატრიატთა ალიანსის კანდიდატ ფირან გოგიჩაშვილთან.

წარმოიდგინეთ, სულ რაღაც ერთი წლის წინ, ბორჯომმა გედი ფოფხაძე აირჩია, ერთი წლის შემდეგ კი, მისმა ძმამ, ბესიკ ფოფხაძემ დიდი სხვაობით დათმო არჩევნები.

ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ბევრია, თუმცა, მათ შორისაა ჩინოვნიკთა სურვილი, როგორმე სრულად გააკონტროლონ თავისუფლებისმოყვარე ბორჯომელები, რომლებიც ადგილობრივ კლანურ მმართველობას არ ეგუებიან…

მეორე ტური…

ბორჯომში ამბობენ რომ თუ მეორე ტური სამართლიან გარემოში ჩატარდება, გამარჯვებას ზაზა ჩაჩანიძე მოიპოვებს. 

თითქმის ერთნაირი პოზიცია აქვთ როგორც ბაზარში, ისე ავტოსადგურსა და ქალაქის ცენტრში. იგივეს ფიქრობენ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებიც.

“არც გაზი გვაქვს. არც შეშის ვაუჩერი. ხელისუფლება არ გვეხმარება. ბატონი ლიპარტია საერთოდ არ ინტერესდება იმ პრობლემით, რაც გვაწუხებს. 

ნახეთ სად და როგორ ვცხოვრობთ. იქნებ არა კლანმა, არამედ სამართლიანობამ გაიმარჯვოს. 

ჩვენ სახლში არ დავრჩებით, ისევ მივალთ არჩევნებზე და ცვლილებებს მივცემთ ხმას”, - ამბობს ლიკანში მდებარე დევნილთა დასახლების მკვიდრი. 

სახელისუფლებო კანდიდატის გარემოცვა კი ირწმუნება რომ 2012 წლის შემდეგ, ბორჯომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და არავითარი კლანური მმართველობა არ არსებობს. მათი თქმით, გაიზარდა ტურიზმი და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურაც. 

“მსგავსი აღმშენებლობა ქალაქს არ ახსოვს”, - აცხადებენ ლიპარტიას წარმომადგენლები.

თუმცა, მათ რიტორიკას, აღმშენებლობის შესახებ, სევდიანი დუმილით პასუხობს ადგილობრივი მკვიდრი, ქალბატონი ნელი, რომელსაც ოჯახის გამოსაკვებად უმძიმესი შრომა უწევს. 

შეგახსენებთ რომ კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს. 

სწორედ 15 ნოემბრამდე გახდება ცნობილი, ვის აირჩევენ ბორჯომელები თვითმმართველი თემის მერად: ძმებ ფოფხაძეებისა და აბრამიშვილის კადრს - ლევან ლიპარტაისა თუ ზაზა ჩაჩანიძეს, რომელსაც მხარს სრული ოპოზიციური სპექტრი და როგორც ჩანს, რიგითი ბორჯომელები უჭერენ.