• თბილისი
  • 17°C
  • 23 აპრილი, 2018
article

გია ვოლსკი: პრეზიდენტს არ სჩვევია საკითხების სიღრმისეული განხილვა

​საქართველოს პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. ამის შესახებ  გიორგი მარგველაშვილმა, ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

​პრეზიდენტის განმარტება "პრესა.ჯი"-სთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შეაფასა:

-რამდენად დამაკმაყოფილებელია პრეზიდენტის განმარტება ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით და რას უნდა ველოდოთ, საკითხის ხელახალი შესწავლის შემდეგ?

-შინაგან საქმეთა სამინსიტროს მუშაობის პერიოდში  მკვლელობაში ბრალდებულის სახელზე გაცემულ დახასიათებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არც მეუღლის განცხადებას აქვს მნიშვნელობა, რადგან უამრავ ფაქტორს შეიძლება რომ გამოეწვია ყოფილი მეუღლის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ 6-ჯერ უთხრა უარი „უდო“-ს კომისიამ ამ პიროვნებაზე ვადამდელ გათავისუფლებაზე. კომისია რომ საკითხს სწავლობს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი რაღაც გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, მაგრამ  კონვეინერული წესით ჩამოყალიბდა შეწყალების კომისია და პრეზიდენტი. გადათვალეთ სამუშაო დღეები ათასებზე და მიხვდებით, რომ ელემენტარულად შეუძლებელია, პრეზიდენტმა სიღრმისეულად შეისწავლოს, განსაკუთრებით ძალადობის საკითხები. ტექნიკურადაც, მორალურადაც, ორგანიზაციულადაც, ვფიქრობ, რომ ეს არის უპასუხისმგებლო და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიღებული იმ ადამიანის მიერ, რომელსაც საერთოდ არ სჩვევია საკითხების სიღრმისეული განხილვა.

-რატომ აქამდე არ საუბრობდა უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ დიდი რაოდენობით შეწყალებული ადამიანების პრობლემატურობის თემაზე?

-ბევრჯერ ყოფილა საუბარი ამ თემაზე და მეც არაერთხელ მითქვამს. ამის გარდა, თავად შეწყალება ჰუმანური აქტია, მაგრამ ბალტიის სამივე ქვეყანას ერთად, 27 წლის განმავლობაში, გაცილებით ნაკლები შეწყალება აქვთ განხორციელებული,  ვიდრე 1 წლის განმავლობაში პრეზიდენტ მარგველაშვილს.

-რაც ეხება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებულ დაპირისპირებას, ადასტურებთ, რომ "ჩატში" გზავნილი პრემიერისგან მართლა ჩავარდა და ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირების იმ ფორმით წარმოჩენა, რისი მომსწრეც საზოგადოება გახდა?

-ნებისმიერი დეპუტატის დადასტურება, იყო თუ არა „ჩატში“ გზავნილი, აბსოლუტურად  არ არის საკმარისი, რომ „რუსთავის 2“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია შევაფასოთ. ვიცი, რომ ღიად საკმაო რაოდენობის განცხადებები და კომენტარები გაკეთდა, იმისათვის, რათა ამ საქმეებში კარგად გაწაფულ ტელევიზიას არ შეძლებოდა თუნდაც მოდელირებული დიალოგის ფორმატის შექმნა. აქ საკამათო არაფერია და რომც ყოფილიყო მიმოწერა რეალური, მგონი, დასკვნების გაკეთება, რომლის საზოგადოების თავზე მოხვევასაც „რუსთავი 2“ ცდილობს, აბსოლუტურად ზედმეტია. ვფიქრობ, ეს თამაშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოა.

-როდის გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც უნდა  დადგინდეს დეპუტატთა ქცევის წესები, რომლის შესახებაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თქვენი კოლეგებიდან დავით ჭიჭინაძე და სხვები ამბობენ, რომ  თუ დეპუტატების დამორჩილებას გულისხმობს „ახალი წესები“, ასეთი რამ ვერ მოხდება...

-მე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცეების დამორჩილებაზეა საუბარი. არსებობს ეთიკის ნორმები, შეთანხმება, გუნდის ერთიანობისათვის პოლიტიკური თამაშის წესებზე შეთანხმების აუცილებლობა, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გაიზიაროს. ეს არ იქნება კანონი და ცალკე დეკლარაცია.

-ანა დოლიძემ მამუკა მდინარაძის ნათესავი და ვანო ზარდიაშვილის მეუღლე მოსამართლეების  შერჩევის პროცესის მართვაში დაადანაშაულა. თქვენ თუ ხედავთ ამ საკითხში ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს და მისი გადადგომა თუ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში?

-ანა დოლიძემ პრეზიდენტის სკანდალის გადასაფარად რაღაც განცხადება რომ გააკეთა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს რეალობაა. რამდენადაც ვიცი, ანა დოლიძის ყოფილი მეუღლეც საკმაოდ მაღალ პოზიციაზეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, გადაიფაროს ის სკანდალური თემა, რაც  სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში  მოხდა.