• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

პატიმართა წამება - პროკურატურამ რუსთავის #6 ციხის სამი ყოფილი ხელმძღვანელი პირი დააკავა

პროკურატურამ რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამი ყოფილი ხელმძღვანელი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დირექტორის ყოფილი მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა.

"2015 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლამდე პერიოდში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი. კერძოდ, 2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, დაწესებულების დირექტორმა, მისმა მოადგილემ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა, საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შეიმუშავეს მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი წესები მათი დასჯის, დაშინების და უსიტყვო მორჩილების მიზნით. დასახელებულ პირთა ორგანიზებით სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები მსჯავრდებულებს ეპყრობოდნენ დამამცირებლად და არაადამიანურად, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.

აღნიშნული სახის არაადამიანურ მოპყრობას ქ.რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.