• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

"ერთი კონკრეტული რეგიონის დაბომბვა მესამე მსოფლიო ომს არ გამოიწვევს"

მსოფლიო სირიაზე სარაკეტო დარტყმის მოლოდინშია.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი,  სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად მზადაა, თუმცა,  ამის პარალელურად რუსეთი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება.

2 დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღია მუქარა „ტვიტერის“პირადი  გვერდის საშუალებით გაავრცელა. იგი წერდა, რომ აშშ სირიის მიმართულებით რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებდა. ამას წინ უძღოდა 9 აპრილის განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემდა. გუშინ კი კვლავ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მას არასდროს უთქვამს, როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე- „ ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც ისე მალე“.

დარტყმისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალებიც.

რა შეიძლება მოხდეს, შესაძლოა თუ არა რომ ამერიკამ უკან დაიხიოს ან მართლაც განახორციელოს სარაკეტო თავდასხმა, ამის შესახებ „პრესა.ჯი“,ექსპერტს  საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

-ტრამპის არაერთგვაროვან განცხადებებს  სირიაზე სარაკეტო იერიშის განხორციელების შესახებ სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა, თვქენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით?

-ტრამპი ბოლო სამი წელია „ტვიტერის“ საშუალებით სხვადასხვა არათანმიმდევრულ განცხადებებს ავრცელებს,  ამიტომ განსაკუთრებული არაფერი მოხდარა არც ამ შემთხვევაში, თავდაპირველად დაწერა რაღაც, შემდეგ კი გადათქვა.

აღსანიშნავია ის, რომ თუკი ნამდვილად  გადაწყდება სირიაზე სარაკეტო იერიშის განხორციელება, წინსწარ აუცილებლად გააფრთხილებენ რუსეთს ამის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე  ჩამოაგდებენ ბომბებს, რათა მათ საკუთარი ჯარი ამ ტერიტორიიდან გაიყვანონ.

-შესაძლოა თუ არა, რომ ტრამპმა უკან დაიხიოს და სირიაზე იერიში არ განახორციელოს?

-უკან დახევა მისთვის წესით არ უნდა იყოს პრობლემა, რადგან ამერიკამ უკვე დაამტკიცა რომ პირველია მსოფლიოში, მაშინ როდესაც  დაახლოებით თვენახევრის წინ მათ    სირიაში  რუსული ბატალიონი გაანადგურეს, ამაზე  რუსეთს ხმა არ ამოუღია. ამერიკას დასამტკიცებელი არაფერი აქვს, თუმცა, თუკი ტრამპი  უკან დახევას გადაწყვეტს, არც ეს იქნება კატასტროფა.

-რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სარაკეტო იერიშს სირიაზე, ხომ არ იქნება ეს ფაქტი მესამე მსოფლიო ომის საფრთხე?


- ჩემი აზრით, არაფერი განსაკუთრებული არ მოჰყვება ამას. უბრალოდ აღშფოთდებიან რუსები, მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას რაც შეეხება,  ერთი კონკრეტული რეგიონის დაბომბვა ამ საფრთხეს ვერ გამოიწვევს.