• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

„ვკლავთ ადამიანებს, ყველა ოჯახში ნახავთ სიმსივნით დაავადებულებს“, - რა ხდება დმანისში?

დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები დღეს იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელსაც ივანიშვილის კუთვნილი კომპანია - არემჯი გოლდი უკანონოდ ამუშავებს. 

არემჯი გოლდი, რომელმაც უკვე ააფეთქა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - საყდრისი, ახლა დამატებით 16 ჰექტარს ითხოვს სახელმწიფოსაგან. 

თუმცა, ოპოზიციის თქმით, იმის გამო რომ მფლობელი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, კომპანია აუქციონის შედეგებსაც კი არ ელოდება, ისე ატარებს სამუშაოებს იმ ტეროტორიაზე, რომელიც მას ამ დრომდე არ ეკუთვნის.  

ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს ივანიშვილის კუთვნილი არემჯი გოლდის მენეჯმენტთან სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ. 

იყო ხმამაღალი საუბარი და დაპირისპირებაც. დეტალების გასარკვევად, პრესა.ჯი, დმანისის გადარჩენის ფონდის ერთერთ დამფუძნებელს, გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.

„პრესა.ჯი“: ოპოზიციის სხვა წამორმადგენლებთან ერტად, დღეს დმანისში იყავით, რა მდგომარეობა დაგხვდათ ადგილზე?

გიორგი ვაშაძე: ჩვენ ჩავედით საყდრისში, მოვინახულეთ ეს ტერიტორია, დავადასტურეთ რომ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც აუქციონი გამოცხადდა, ნამდვილად მიმდინარეობს სამუშაოები ივანიშვილის კომპანიის, არემჯი გოლდის მიერ. 

- რამდენადაც ცნობილია, გამოცხადებულია აუქციონიც...

 - დიახ, ხვალ აუქციონის ბოლო დღეა. დმანისის გადარჩენის ფონდიც დარეგისტრირდა ამ აუქციონზე... 

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ არემჯი გოლდს მხოლოდ ეს ტერიტორია არ აქვს მითვისებული, რომელსაც ფაქტრობრივად, დღეს უკანონოდ ამუშავებს. 

შესაბამისად, ვაპირებთ რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს უკანონობა, რაც დმანისში ხდება, შეჩერდეს. 

- არემჯი გოლდის მიმართ პრეტენზიები აქვთ ადგილობრივებსაც. რატომ?

- დამუშავების ტექნოლოგია, რომელსაც ეს კომპანია ატარებს, არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. ტყვიის შემცველობა 91%-ზეა ასული, იქ ყველა ოჯახში ნახავთ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს. 

სოფლის მეურნეობის პროდუქტის ჭამა არ შეიძლება, ფაქტობრივად, ვკლავთ ადამიანებს. 

დღეს, დმანისში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსულები, ისინი შეხმატკბილებულად მუშაობენ კომპანიასთან. ამით გამოჩნდა სახელმწიფოს და კომპანიის შეთანხმებული საერთო ქმედება, რომლითაც მოქალაქეების ინტერესები ზიანდება.