• თბილისი
  • 17°C
  • 23 აპრილი, 2018
article

კახა კუჭავა: ვიწყებთ ჰაერის გაუმჯობესებაზე ზრუნვას

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს.

PRESA.GE პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ესაუბრა:

- რა შეიძლება პარლამენტმა შეცვალოს კანონმდებლობაში, რომლითაც აღნიშნული სფერო რეგულირდება?

- შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დადებს დასკვნას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორც მერიის, ისე სხვადასხვა უწყებების მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად.

კომიტეტის ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება საკომიტეტო მოკვლევას, არის სიახლე და ეფექტური გზა, რათა განვახორციელოთ ეფექტური ზედამხედველობის ფუნქცია. 

- პრიორიტეტული საკითხები უკვე განსაზღვრული გაქვთ?

- ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც მუშაობას ვიწყებთ, არის თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, შეიკრიბება რეგულარულად და მას შემდეგ, რაც დასრულდება პოზიციების გაცნობა, გაიმართება მოსმენები, მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების. განხორციელდება ძალიან მკაცრი ზედამხედველობა იმ დირექტივების შესრულებაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს. ყველა პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე სოციალური ქსელების და ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით. წინადადებების მიღება ხვალიდან დაიწყება.

- აუდიტის დასკვნის თანახმად, 2016 წელს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ძალიან ცოტა მუნიციპალურ ტრანსპორტს აქვს გავლილი. არის თუ არა ტრანსპორტის პრობლემა პირდაპირ კავშირში ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელთან?

- ეს არის საკითხი, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ იქნება განხილული. შემუშავდება რეკომენდაციები, რომელსაც განიხილავს კომიტეტი და დადებს დასკვნას. თუ გასამკაცრებელი იქნება რეგულაციები, ასეც მოხდება და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების დაკვეთაზე, რომელსაც მივიღებთ. ტრანსპორტის მიმართულებით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შემოიყვანს მერია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს.