• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

„დისკომფორტი შეექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში იქნებიან მხილებულნი“

საქართველოს პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ იქნება გათვალისწინებული და დაწესდება სანქციები რუსეთისთვის., - ამის შესახებ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით,  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. 

PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ესაუბრა:

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რეზოლუცია რეალურად ყოფილიყო ერთიანი და რის საფუძველზე მოხდა ოპოზიციის მოთხოვნის გათვალისწინება?

- გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ის, რომ უმცირესობა დაეთანხმა ჩვენს მიერ შეთავაზებულ საბოლოო ვარიანტს და შესაბამისად, ტექსტსაც. აქედან გამომდინარე, საკამათოც არაფერია. პარლამენტი მიიღებს ერთიან  და ძლიერ რეზოლუციას, პრინციპული დებულებებით და მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაც. ორშაბათს რეზოლუციასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, ოთხშაბათს სესიაზე გავა და ერთობლივად დავამტკიცებთ.

- სანქციების ნაწილი, სადაც მოხვდებიან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი, რა გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და თავად ოკუპანტი ქვეყნისთვის?

- ყოველთვის გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების გვერდით დგომისა და დახმარების იმედი. სწორედ ეს არის ერთერთი მძლავრი ბერკეტი იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული პრევენცია მოვახდინოთ. უმრავლესობასა და უმცირესობის შეხვედრაზე საუბარი იყო ცალკეულ იურიდიულ დეტალებზე. მაგალითად, ჩვენი შეხედულებით უნდა ეწეროს „ბრალდებული და მსჯავრდებული პირები“  იმისათვის, რომ არ იყოს სამართლებრივი გაუგებრობა. ჩვენი მოსაზრება ოპოზიციამ გაიზიარა. საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს არის გზავნილი, რომ ისინი გვერდით უნდა დაგვიდგნენ, რათა გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში იქნებიან მხილებულნი.

- პრეზიდენტმა აშშ კონგრესში განაცხადა, რომ  აშშ-მ საქართველოს მხარდამჭერი აქტი უნდა მიიღოს. როგორია მმართველი გუნდის პოზიცია, ხომ არ იყო გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა უმრავლესობასთან შეთანხმებული?

- პრეზიდენტს ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ნებისმიერი განცხადება თუ საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება მმართველი გუნდისა და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მისაღები, რაც საბოლოოდ, ჩვენს სწორ საგარეო პოლიტიკასთან იქნება თანხვედრაში.

მივესალმებით ნებისმიერ აქტს, რომელსაც მიიღებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. იცით, რომ პრეზიდენტი მმართველ გუნდთან არაფერს არ ათანხმებს და შეუთანხმებელი პოზიცია, რომელიც  ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, მისაღებია.

- იან კელიმ განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს რუსეთთან დიალოგის დაწყებას. რამდენად მნიშვნელოვანია  ამერიკის ელჩის ამგვარი გზავნილი?

- გასახარია, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოში მიესალმება სწორ პოლიტიკას, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს. მთელი ამ დღეების განმავლობაში გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოვიყენოთ ყველასთან სასაუბროდ.