• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

თუბა ჩაბუქის მიმართვა: ვთხოვ თეა წულუკიანს, ჩემი მეუღლე არ გადასცეს თურქეთს

„ჩემი მეუღლის საქმე გადამწყვეტ ეტაპზეა. ღია წერილით მე მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს. მჯერა, რომ ის ყურადღებას მიაქცევს ამ საქმეს,“ - ეს განცხადება დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა „კურიერთან“ გააკეთა.

თუბა ჩაბუქის თქმით, მისი მეუღლის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა უნდა მიიღოს.

„საბოლოო გადაწყვეტილება მის ხელშია და დარწმუნებული ვარ, მინისტრი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ჩვენი ოჯახი კვალავ ერთად იქნება. წერილში მე ვსაუბრობ ჩვენი ოჯახის პრობლემაზე და ასევე, თურქეთში არსებულ სიტუაციაზე. მე ვთხოვ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ჩემი მეუღლე არ გადასცეს თურქეთს,“ - აცხადებს თუბა ჩაბუქი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ მისი მეუღლის თურქეთში ექსტრადირება არ დაუშვას.

ადვოკატის თქმით, სასამართლო იუსტიციის მინისტრს არ ავალდებულებს, რომ ექსტრადიცია განახორციელოს.

„მიუხედავად იმისა, სასამართლო დააკმაყოფილებს თუ არ დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, რომც დააკმაყოფილოს, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იუსტიციის მინისტრმა, იმიტომ, რომ სასამართლო მხოლოდ ნებართვას აძლევს იუსტიციის მინისტრს და არ ავალდებულებს მას, რომ ექსტრადიცია განახორციელოს,“ - განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვლამდე საექსტრადაციო პატიმრობაში რჩება. თუ საქალაქო სასამართლოს განაჩენი დემირელის სკოლის მენეჯერის თურქეთისთვის გადაცემა იქნება, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ჯერ უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი ევროსასამართლოში გაასაჩივრებს.