• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - რაში ადანაშაულებს ოპოზიცია შსს-ს?

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე ოპოზიცია შს სამინისტროს დანაშაულის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებს.

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ როგორმე მიჩქმალონ ეს ფაქტი და როგორმე არ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად მოქმედებდნენ კანონსაწინააღმდეგოდ. ეს არის სწორედ ის ძალიან ნიშანდობლივი ხარვეზი, რომელიც ახასიათებს შს სამინისტროს,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.

„როდესაც შს სამინისტრო იმის მაგივრად რომ იყოს სიმართლის გამორკვევის სადარაჯოზე, ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და საზოგადოებას თავს ახვევს არასწორ აზრს, ეს აჩენს უნდობლობას მთლიანად საგამოძიებო პროცესის მიმართ. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ შს სამინისტრო იტყუებოდა,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

„ასეთ შემთხვევებზე სამწუხაროდ, საზოგადოებას არ აქვს ნდობა გამოძიების და იმ პროცესის რომელიც მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ გამუდმებით იმაზე, რომ საჭირო არის სპეციალური დამოუკიდებელი მექანიზმის არსებობა იმისთვის, რომ ასეთი სახის შემთხვევები გამოიძიოს ასეთმა საგამოძიებო უწყებამ,“ - აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზად ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა დასახელდა. დასკვნაზე აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.