
გახარია დიდი წმენდისათვის ემზადება - შს ახალი მინისტრის გეგმები
- ლევან ქართველიშვილი
- 19:04 14.11.2017
პრემიერმა, შს მინისტრის პოსტზე ეკონომიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია წარადგინა და შესაბამისად, ამით დასრულდა გიორგი მღებრიშვილის წინააღმდეგობრივი, არაპროფესიონალური და ხშირად, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების მთელი კასკადი, საპოლიციო უწყებებში.
ვინ არის გახარია?

შს ახალი მინისტრი, მღებრიშვილისაგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობს. მას კარგი ურთიერთობა აქვს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთანაც, რასაც ვერ ვიტყოდით მღებრიშვილზე, რომელიც ირგვლივ ყველას ებრძოდა და ექიშპებოდა, ღიად თუ ფარულად.
მინისტრი გახარია კი, შს სამინისტროში სრული რეორგანიზაციისა და დიდი საკადრო ცვლილებებისათვის ემზადება.

მოკლედ, შს სამინისტროში დიდი და საფუძვლიანი წმენდა იწყება, რომლის მიზანიც, გახარიას გარემოცვის განცხადებით: „სისტემის გაჯანსაღება და დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციების აღმოფხვრაა“, რაც ცხადია, სათქმელად ადვილია, თუმცა, შესასრულებლად ძალიან ძნელი.
რა ხდება ამ წუთებში შს სამინისტროში?
ამ სტატიის მთავარი ფოტო, რომელზეც მინისტრი გიორგი გახარიაა აღბეჭდილი, ალბათ, ზუსტად გამოხატავს იმ სირთულეებს, რაც მას შს სამინისტროში ელოდება.
თუმცა, ის, რაც ახლა სამინისტროში ხდება, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ასეთი „დიდი წმენდის“ მოლოდინი, რაც გახარიას წარდგენით გაჩნდა, შეიძლება ითქვას რომ ბოლოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეინიშნებოდა.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, კონკრეტულად რას, როდის და როგორ გადაწყვეტს გიორგი გახარია. მართალია, მას, მართვისა და მენეჯმენტის გამოცდილება აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე მაინც ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა: გამოიყენებს თუ არა, იგი, თავის გამოცდილებას რეფორმების გატარებისა და შსს-ს მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი უნდობლობის აღმოსაფხვრელად.