• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

არჩილ თალაკვაძე: პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში ჩატარებული მეორე ტურის შემდეგ  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და აცხადებს, რომ ახლადარჩეულ მერთან მუშაობას გააგრძელებს.
"საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. შეჯიბრი რეალურ პროგრამებს, ძლიერ კანდიდატებს და პარტიებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოჩნდა.

მადლობას ვუხდი პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” მაღალი ნდობა მიიღო საზოგადოებისგან. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას, კარგი გაშუქებისთვის.

მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დასაკავებლად, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ოზურგეთშიც. ხალხმა საკუთარი არჩევანი გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო კომისია ერთ უბანთან დაკავშირებულ დავას განიხილავს, ჩემთვის საზოგადოების არჩევანი ნათელია და პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას. მე მზად ვარ გამარჯვებულს მივულოცო.

როგორც თქვენს მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გავაგრძელებ მუშაობას ახლად არჩეულ მერთან, საკრებულოსთან, გუბერნატორთან, არასამთავრობო და კერძო სექტორთან, ასევე, მედიასთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წარმატებისთვის! " წერს არჩილ თალაკვაძე.

მეორე ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით, ოზურგეთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დამოუკიდებელ კანდიდატთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან დამარცხდა.