• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

"ეს არის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება"

საპარლამენტო ოპოზიცია ფინანსთა სამინისტროსგან მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ბიუჯეტში დაზოგილი თანხის კონკრეტულ მაჩვენებლებს ითხოვს.

ოპოზიციის წევრების თქმით, სწორედ ამ პასუხებზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მხარს სამინისტროების გაერთიანებას.

„როგორც ჩანს, ეს არის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან არ ახლდა არანაირი კონკრეტული გეგმა. როდესაც ასეთი მასშტაბური ცვლილება ხდება და რამდენიმე სამინისტრო უქმდება, რას აძლევს ეს ქვეყანას. თუ ეს არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, მაშინ გამოდის, რომ ეს არის უბრალოდ ფასადური რეფორმა ზოგიერთი მინისტრის მოსაშორებელი,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა.

პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებას, მთავრობის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სამინისტროების რაოდენობის შემცირება და მათი გაერთიანება, ბიუჯეტში მნიშვნელოვან თანხებს დაზოგავს.

„სულ იმას გაჰყვირიან, რომ ხარჯებია გაბერილიო, როდესაც ქმედითი ნაბიჯები იდგმება, კიდევ უკმაყოფილო არიან. ეს ასე ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია, კადრების ოპტიმიზაცია და წაადგეს ქვეყნის წინსვლას,“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ.