• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

"დღევანდელი მონაცემებით, უნდა იყოს მეორე ტური"

საქართველო  თბილისის მერის არჩევნებისთვის ემზადება. ამომრჩეველს რამდენიმე დღე დარჩა გადაწყვეტილების მისაღებად.  როგორია წინასწარი პროგნოზი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა. 

-როგორია თქვენი პროგნოზი არჩევნებთან დაკავშირებით?

- ამ არჩევნების სირთულე მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს, იქნება თუ არა მეორე ტური, მაგრამ იმაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, რომ მერი ოცნების კანდიდატი გახდება.

-იქნება თუ არა მეორე ტურის დანიშვნის აუცილებლობა?

დღევანდელი მონაცემებით, უნდა იყოს მეორე ტური, მაგრამ ფინიშის სწორზე რამდენად მზად არის კალაძე, გარღვევისათვის ეს უკვე საკითხავია. რასაკვირველია კალაძისთვის აუცილებელია პირველივე ტურში გამარჯვება, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის არცერთ პუნქტში არ უტანაბრდება ნარმანიას. სასტარტო პოზიციისათვის ეს საჭიროა. 

-საკონსტიტუციო ცვლილებებმა შესაძლოა თუ არა რაიმე სახით იქონიოს  გავლენა არჩევნებზე?

-შეიძლება არჩევნების შედეგებზე არ იქონიოს უარყოფითი გავლენა, მაგრამ სამომავლოდ, ხანგრძლივ პერიოდში, დამარცხებული პარტიები განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ელისაშვილის გუნდი და სხვები, ცოტახანში გამოვლენ შოკიდან და გაათმაგებული ენერგიით დაუწყებენ  მას მკაცრი პედაგოგის თვალით ყველა ნაბიჯის გაკონტროლებას, მათ შორის იქნება   საკონსტიტუციო ცვლილებებიც.

წესით ქალაქის მერს კონსტიტუცია ნაკლებად უნდა ეხებოდეს, მაგრამ ვინაიდან ის მმართველი პარტიის ერთერთ  დიდ კონსტრუქციას წარმოადგენს, რასაკვირველია ამას თავს ვერ დააღწევს. 

ოცნებას  გამუდმებით მოუწევს თავის მართლება თუნდაც კონსტიტუციაზე, კალაძისთვის კომფორტული იქნება მოახდინოს დისტანცირება საკუთარი პერსონის ამ მოვლენებთან, თუმცა ამას ვერ შეძლებს. 

ნარმანიასთან შედარებით,  კალაძეს უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევს, ნარმანია მაშინ მოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ ივვანიშვილი იმყოფებოდა ზენიტში, მის ჩრდილში ნარმანია კომფორტულად გრძნობდა  თავს,  კალაძეს ოპოზიციასთან  ბრძოლაში ჩართვა პირველივე თვეებიდან მოუწევს, თანაც ის თავისი დაპირებებიდან გამომდინარე  ნარმანიასავით კაბინეტში ვერ დაიმალება. ამიტომ ის  ოპოზიციასთან დისკუციების  მომხრეა და ამ კუთხით მუდამ წინა ფლანგზე იმყოფება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებოთ შესაძლოა,  სავსებით ახალი სიტუაცია ვიხილოთ. 

გასათვალისწინებელია, რომ ნარმანია კალაძეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მემკვიდრეობას უტოვებს. 

-წინასაარჩევნო კამპანიებს როგორ შეაფასებდით?

-შევაფასებდი, როგორც წინგადაგმულ ნაბიჯს, თუნდაც მხოლოდ ტელედებატების გათვალისწინებით,  ნარმანია ტელედებატებში მოწინააღმდეგეებთან არასოდეს გვინახავს, იმიტომ, რომ მას ამისთვის არც შესაძლებლობა ჰქონდა,  არც შინაგანი რესურსი და არც გამბედაობა.  ის, როგორც პოლიტიკოსი  თავიდანვე განწირული იყო სთადარიგო მოთამაშის როლზე, მაგრამ ივანიშვილმა როდესაც ის ორჯერ ჩააყენა ძირითად შემადგენლობაში, ორივეჯერ მოტყუვდა ისიც და ამასთანავე ოცნებაც. 

ნარმანიამ მინისტრობის პერიოდში ორასი მილიონი აუთვისებელი დატოვა, კომუნისტების დროს ამის გამო ციხეში სვამდნენ,  ეს იცით რას ნიშნავს? იმას, რომ როცა აუთვისებელი ბიუჯეტი გაქვს ესეიგი არ მუშაობ. 

ის ფაქტი, რომ კალაძე მივიდა „რუსთავი2“-ზე უკვე კარგი ნაბიჯია მისი მხრიდან,  ნარმანიას ამ ტელეკომპანიაში ვერანაირი ძალით ვერ შეიყვანდა ვერავინ, თუ შვიდოდა იმ წამშივე გაუსკდებოდა გული. 

კალაძეს არცერთ შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, ერთადერთი იყო ელისაშვლთან დებატები, მაგრამ თუ ის ელისაშვილთან დაჯდებოდა დებატებში, მაშინ სხვებთანაც ასე უნდა მოქცეულიყო.