• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

"თქვენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეების თრევას „აპრავებთ“, არ გაქვთ უფლება, რომ ასე ელაპარაკოთ დეპუტატს"

პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიასა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვისას თემურ მურღულია პედაგოგების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ”ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, 2017 წლის განმავლობაში პედაგოგებს გარკვეული რაოდენობით დანამატები გაეზარდათ და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო ღირსეულ საგანმანათლებლო პოლიტიკას ახორციელებს".

"ბატონ სერგოს სავარაუდოდ დაავიწყდა, რომ ჩვენ ამ წელიწადში გავზარდეთ მასწავლებლების უფროსის დანამატი 180-დან 320-მდე, წამყვანის გავზარდეთ 270-დან 500-მდე, მენტორის - 400-დან 700-მდე”, - განაცხადა თემურ მურღულიამ.

მისივე შეფასებით, ”ევროპული საქართველო” წევრს სურს ”პოპულიზმით მოწამლოს საზოგადოება” და  არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ვინმეს რამე ეკუთვნის და არ მიუღია. 

”ერთადერთი, თქვენ გეკუთვნით მეტი პოლიტიკური და პროფესიული პასუხისმგებლობა, როცა ამას ლაპარაკობთ“,- მიმართა თემურ  მურღულიამ სერგო რატიანს.

თემურ მურღულიას მიერ სერგო რატიანის მისამართით გაკეთებულ ამ განცხადებას ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა და მინისტრის მოადგილეს მიუთითა,  რომ არ აქვს უფლება დეპუტატს ასე ესაუბროს. 

„თქვენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეების თრევას „აპრავებთ“, არ გაქვთ უფლება, რომ ასე ელაპარაკოთ დეპუტატს და შეარჩიეთ სიტყვები. გავიწყდებათ, რომ აქ ხალხის არჩეული დეპუტატების სხედან და არ გაქვთ უფლება ასე პოლიტიზირებული ტერმინებით ილაპარაკოთ“, - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.