• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეს: თქვენ პოლიტიკურად ერთს უჭერთ მხარს და მეორეს - არა

"როდესაც ამბობთ, ამ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამ, თქვენ გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ეს არის საკმაოდ შეურაცხმყოფელი ჩემი ამომრჩევლებისთვის".

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მისამართით განაცხადა. 

მისივე თქმით, საზოგადოებას სურს, რომ პრეზიდენტიც და დეპუტატებიც პირდაპირი წესით აირჩიოს, ხოლო საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას მხარს უჭერს, ხოლო დეპუტატებისას - არა. 

"თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, პირდაპირი წესით აირჩიოს თავისი პრეზიდენტი. ეს უფლება უნდა ჰქონდეთ და ამას ადასტურებს რეიტინგები, ამაში გეთანხმებით, მე ვარ მათ შორის, ვინც მომხრეა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის, მაგრამ მაინტერესებს, რომელი ლოგიკით შეიძლება, რომ საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და არ უნდოდეს თავისი დეპუტატის პირდაპირი არჩევა. საზოგადოებას რომ ვკითხოთ, ის მიიჩნევს, რომ უფრო ახლოს უნდა იყოს თავის დეპუტატთან, დეპუტატი პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მიმართ და უნდა გრძნობდეს, რომ ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის მიმართ. ეს ყველაფერი ასევე წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების მოთხოვნას, მაგრამ თქვენ პოლიტიკურად ერთს უჭერთ მხარს და მეორეს არა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.