• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

გიგა ბოკერია: "ქართული ოცნებას" კოალიციაში "კლდეკარის პარტია" და აჯანყებული კახა ოქრიაშვილი ჰყავს

”ქალბატონო ანა, მართლა ძალიან მიკვირს და იქნებ მეც ამიხსნათ, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ ეს ხუთი პარტია ცალ-ცალკე არიან?! არ ადევნებდით თვალყურს პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორი მძლავრი პარტიები არიან? ეს არის რეალური კოალიცია. რატომღაც გამორჩათ მათ და მე მინდა გითხრათ, მეექვსე პარტიაც აქვთ, "კლდეკარის პარტია", ლიპარიტ ბაღვაში - აჯანყებული კახა ოქრიაშვილი ჰყავთ. ოღონდ დიდი ლიპარიტია ის, რომელიც არ დამარცხებულა. კითხვა მაქვს თქვენთან სერიოზული, რაიმე დისკუსია ან დიალოგი ხომ არ ყოფილა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ვიდრე მმართველი უმრავლესობა საჯაროდ წაგიყენებდათ პირობებს, თუ როგორი ვეტო უნდა დაედო პრეზიდენტს? ხომ არ უსაუბრიათ თქვენთან ამაზე, ვიდრე საჯაროდ წაგიყენებდნენ პირობას? - მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს,  ანა დოლიძეს.

ანა დოლიძის განცხადებით, დღეს უპრეცედენტო ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე - პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარდგენილია კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით. 

"შეიძლება ითქვას, ამ მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი - ერთი არის „ქართული ოცნება“, რომლის მიერ ინიცირებული, საერთაშორისო ვალდებულებად აღებული საკითხი არის ის ხუთი საკითხი, რომელიც არის გამოყენებული პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში; მეორე არის ჩვენი ოპოზიციურ პარტიათა სპექტრი, რომელიც მრავალსაათიანი შეხვედრები, დებატის, მუშაობის, ხანდახან ცხარე კამათის შედეგად შეთანხმდა, რომ იმისათვის, რომ წინამდებარე დოკუმენტს შესძინონ თანახმობის დოკუმენტის ელფერი და გადაარჩინონ ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსს, შეუერთდნენ კონსენსუსის დოკუმენტს და თქვენს წინაშე წარმოადგინონ მოტივირებული შენიშვნები. დღევანდელი შემთხვევა უპრეცედენტოა, ვინაიდან ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს გამოსავალს ამ სიტუაციიდან, რათა კონსტიტუციას მინიმალური თანხმობის ხასიათი მაინც ჰქონდეს.