• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

არჩილ თალაკვაძე: დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება

"დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება და და ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც თითოეულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი აზრით, საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე.

"ახალ კონსტიტუციას აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია უკვე ამ მომენტისთვის, ვინაიდან მას მხარი დაუჭირა პარლამენტში ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა სუბიექტმა. ასევე, ამ კონსტიტუციას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა, სადაც პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ კონსტიტუცია არის პროგრესული და ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობას და უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის რომელიმე სუბიექტურ ინტერესებზე. კონსტიტუცია დღეს დაუბრუნდება ხალხს და ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც თითოეულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის შენიშვნებთან დაკავშირებით, არჩილ  თალაკვაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა ვერ მოახერხა დაეთანხმებინა ოპოზიცია, რომ მოტივირებულ შენიშვნებში მხოლოდ ორი საკითხი შესულიყო.

"ჩვენ გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრა, სადაც პრაქტიკულად შეთანხმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისიასთან აღებული პირობა უნდა შესრულებულიყო და პრეზიდენტიც დაეთანხმა ამ ორ საკითხს. სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტმა მოახერხა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი დათანხმება მხოლოდ ამ საკითხების შეტანაზე მოტივირებულ შენიშვნებში”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.