• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის გამო უმცირესობა მთავრობას პარლამენტში იბარებს

ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემისა და დეპუტატების საკრებულოში არშეშვების გამო საპარლამენტო უმცირესობა პრემიერსა და მინისტრებს პარლამენტში იბარებს, თუმცა დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის წევრების სხდომაზე მიწვევას არ აპირებს.

„თავად მოსვლა არ არის პრობლემა, პრობლემას ქმნის  ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ახალი განშტოების სურვილი, რომ შექმნას აჟიოტაჟი.

რეგლამენტზე უპირატესია კანონი, კონსტიტუცია, რომელიც აძლევს ადგილობრივ თვითმმართველობას უფლებას, გადაწყვეტილებები მიიღოს იმდაგვარად, რომ მის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი, მათ შორის  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილიც, ყოფილი პრემიერის ინტერესებს იცავს და საამისოდ კონსტიტუციისა და ქვემდგომი კანონების დარღვევასაც მისაღებად მიიჩნევს.

„არსებობს კითხვები ყველა მიმართულებით და ჩვენ წერილს წერილზე ვაგზავნით და მინისტრებს ვერ ვხედავთ. საკრებულოსთან განვითარებული მოვლენები რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხოა, რა და როგორ და რამდენად კანონიერად მოხდა ეს ყველაფერი. იქ ადამიანები დააკავეს მათ შორის მაჟორიტარი კანდიდატები და არ შეუშვეს დეპუტატები“, - განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.

პრემიერის და მინისტრების პარლამენტში მისვლის იმედი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას.“ პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ უკანონო ქმედებების შესაჩერებლად ენმ ყველა გზას მიმართავს, მათ შორის შაბათს საპროტესტო აქციას.

„ეს მოლოდინიც არ გვაქვს, რომ ისინი პარლამენტში მოვლენ და ამიტომ ჩვენ ყველა სხვა კანონიერი გზით უნდა ვიბრძოლოთ, იმისთვის, რომ საზოგადოებას გაეცეს პასუხები კითხვებზე რაც დაგროვდა. განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლოს განხორციელებული მტაცებლობების შესახებ,“- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.