• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რასაც მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის. 

საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერთერთი საკვანძო ცვლილება შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. 

ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება და ამომრჩეველი მომდევნო არჩევნებში პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს. 

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლე ასეთია: პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.