• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

კახა კალაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის განახლება“

კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ჯანდაცვის სხვა პროგრამების განვითარებასთან ერთად, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციისას ისაუბრა.

“ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის  მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად ახალი კონცეფცია შემუშავდება და განვახორციელებთ” - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კახა კალაძის გეგმები შეაფასეს პრეზენტაციაზე დამსწრე მშობლებმაც.

„ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მშობლისთვის, რომლის შვილიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც დღეს მოვისმინე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო განწყობა, რომელიც აშკარად იგრძნობოდა და დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ ზოგადად, ბავშვებს, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ჰქონდეთ განსაკუთრებული ხელშეწყობა“ - განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.

სოციალური პოლიტიკის წარდგენას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.