• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

ნარჩემაშვილი: ჩემ მიმართ ბრალდება სიმართლეც რომ იყოს, 1000 ლარიანი ჯარიმა შემეფერება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატი კანონშემოქმედებით საქმიანობაზე უფრო აქტიურად ბიზნესსა და ტენდერებში მონაწილეობს. ასეთ სტანდარტს კი, კონსტიტუციის 53 მუხლი კრძალავს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შესაძლოა საკითხი პლენარულ სხდომაზეც განიხილონ და თუ დადასტურდება, რომ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, კანონმდებლობის თანახმად, მას უფლებამოსილება შესაძლოა, ვადამდე შეუწყდეს.არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, კანონდამრღვევი 9 დეპუტატიდან 7 „ქართული ოცნების" წევრია, ერთი - „ევროპული საქართველოდან" და ერთი - „პატრიოტთა ალიანსიდან":

Presa.ge  საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა ნარჩემაშვილს ესაუბრა:

- როგორც ცნობილი გახდა, თქვენც აღმოჩნდით იმ დეპუტატთა შორის, რომელსაც არადეკლარირებული აქტივები გააჩნია და მონაწილეობს ბიზნესის მართვაში. როგორია თქვენი შეფასება იმ დასკვნის მიმართ, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა?

- აბსოლუტურად ყველაფერია ასახული ჩემს დეკლარაციაში. არასდროს არანაირი ბიზნესის მართვაში მონაწილეობა არ მიმიღია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება ადგილი ჰქონოდა ასეთ რამეს, რადგან არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების შესახებ ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული. მე არ მქონდა ამის ვალდებულება, მაგრამ ჩემს დეკლარაციაში ოჯახის იმ წევრების დეკლარირებაც მოვახდინე, რომლებიც ჩემთან არ ცხოვრობენ. ეს შეგნებულად გავაკეთე იმის გამო, რომ არასდროს არავის ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზია არ ჰქონოდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ პრეტენზია მაინც აქვთ.

- როგორც ითქვა, არ არის გამორიცხული რომ დღევანდელი დასკვნა, პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდეს. თქვენი აზრით, ვინ და რა ფორმით უნდა განიხილოს იმ დეპუტატთა ბიზნესსაქმიანობის საკითხი, ვინც თქვენთან ერთად მოხვდა აღნიშნულ ნუსხაში?

- ვერ გეტყვით, არ ვიცი, ალბათ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს...

- ამ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანიც კონსტიტუციის დამრღვევთა სიაშია და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პარლამენტის წევრები საკუთარი თავის წინააღმდეგ იმსჯელებენ?

- კახიანის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ მე რასაც მიყენებენ ბრალდებად, არადეკლარირებული აქტივებსა და მართვაში მონაწილეობის შესახებ, ნამდვილად აბსურდულია. სხვადასხვა დროს, მართლა ვყოფილვარ ორგანიზაციის დამფუძნებელი, მაგრამ მართვაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია, რისი უფლებაც პარლამენტის წევრს კანონით ეკრძალება. ვფიქრობ, რომ შეიძლება ტექნიკურად რაღაც გამომრჩენოდა, მაგრამ წარმოუდგენელია, დეკლარაციის დოკუმენტების წინასწარი განზრახვით არასწორად შევსება. ხომ გითხარით, რომ დეკლარაციაში შეგნებულად შევიტანე ჩემი ოჯახის იმ წევრების ქონებრივი ინფორმაცია, რომლებიც ჩემთან დიდი ხანია არ ცხოვრობენ და რატომ მივუთითებდი საკუთარ თავზე მართვაში მონაწილეობას, რასაც ადგილი ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ ჰქონია?

-რამდენად შესაძლებელია, რომ აღნიშნული დასკვნა გახდეს იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი, რომლებიც თქვენს გარდა ამ სიაში მოხვდნენ?

- არადეკლარირებული აქტივი პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არის. პირადად ჩემს მიმართ ბრალდება: არადეკლარირებული აქტივი და ასეც რომ იყოს, 1000 ლარიანი ჯარიმა შემეფერება.