• თბილისი
  • 5°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. პარტიის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები- რევაზ სოხაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულაშვილი და გიორგი ტყემალაძე არიან.

 კახა კალაძემ  მოსახლეობასთან შეხვედრისას  ოთხივე კანდიდატის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ეს ადამიანები  იქნებიან  იმ ტკივილის, იმ პრობლემების და იმ წუხილის გამზიარებლები, რომლებიც ამ რაიონს, ამ უბნებს აწუხებს. ჩვენ შევძლებთ ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თბილისი  მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გაამახვილა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით თბილისის მერია   ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად  ყველაფერს გააკეთებს, რადგან სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება ეკონომიკური პროექტების განხორციელება. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ ქვეყანაში. შეიძლება ეს პირდაპირ მერიის ფუნქცია, მოვალეობა არ იყოს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავებთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს აწუხებს ქვეყნის, დედაქალაქის მოსახლეობას, ეს არის სამუშაო ადგილები. ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს მეტი დასაქმებული ადამიანი და რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი“,-განაცხადა კახა კალაძემ. 

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ეკოლოგიურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით თხუთმეტივე დიდი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.