• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

„აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს“

აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და გამშვები პუნქტების დახურვის გამო და რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში. 

ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში 8 სექტემბერს გაიმართა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განცხადება 12 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

„მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. აშშ-მა გამოხატა შეშფოთება მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და გამშვები პუნქტების დახურვის გამო“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელის გასამართლებას. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. 

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სრულად განახორციელონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში. 

მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას გააძლიერებენ. ამერიკული მხარე აღიარებს საქართველოს რეგიონში განსაკუთრებულ პარტნიორად და საიმედო პარტნიორად, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. აშშ ასევე აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ავღანეთში ნატო-ს მისიაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, გასულ წელს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა შამგონასთან. გასულ წელს ჩაიკეტა ოკუპირებულ რეგიონთან დამაკავშირებელი ორი გადასასვლელი ორსანტია-ოტობაია და ნაბაკევი-ხურჩა. ამ ეტაპზე მიმოსვლა ენგურის ხიდის გავლით და სოფ.წყოუშის ე.წ. გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი.