• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

დავით ბაქრაძე შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პოლიტიკიდან წასასვლელად ემზადება. 

როგორც "პრესა.ჯი"-სთვის გახდა ცნობილი, დავით ბაქრაძე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებას 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გეგმავს. 

"პრესა.ჯი" შეეცადა, აღნიშნული ინფორმაცია თავად უმცირესობის ლიდერთან გადაემოწმებინა, თუმცა მასთან სატალეფონო კონტაქტი ვერ შედგა. 

ხოლო, მისი კოლეგები პარლამენტში "ევროპული საქართველოდან" აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა დავით ბაქრაძის პოლიტიკიდან წასვლის შესაძლებლობა არ დაადასტურა და "პრესა.ჯის" შეკითხვაზე, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და ამჟამინდელი უმცირესობის ლიდერის პოლიტიკიდან წასვლა, განაცხადა, რომ "ქვეყანაზე ბევრი გიჟი დადის და მათთვის პასუხის გასაცემად არ სცალია". 

უკავშირდება თუ არა, დავით ბაქრაძის პოლიტიკაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ვინმეს სიგიჟეს, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, სადაც დავით ბაქრაძის პარტია "ევროპული საქართველო", დიდი ალბათობითა და IRI-ის ბოლო კვლევების გათვალისწინებით, საკმაოდ დაბალ შედეგს აჩვენებს. 

წაგებული არჩევნების შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და "ევროპული საქართველოს" ცნობადი სახე, არჩევანის წინაშე მართლაც აღმოჩნდეს.