• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

ემზარ კვიციანი: რამდენად ეროვნულია პარლამენტი, ახლა გამოჩნდება

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის პირველი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდა. საქმე ეხება „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით აღდგენას ითვალისწინებს. 

ჯერჯერობით, უცნობია, დაიწყება თუ არა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვა, მანამდე კი, „პრესა.ჯი“ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს, ემზარ კვიციანს ესაუბრა:

-რა ძირითადი მიმართულებებზე იყავით ორიენტირებული, როცა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზეთ?

-ჩემი კანონპროექტი ორ მიმართულებას შეეხება: ერთია, უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამკაცრება, ხოლო უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის, აღნიშნული ნორმების გამარტივება. მიმაჩნია, რომ ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოხდება ემიგრანტი ქართველების წახალისება, საქართველოში დასაბრუნებლად. მთავარი მიზანი ემიგრაციაში მყოფი ქართველების ინტერესების დაცვაა, რომელთაც აქვთ სურვილი საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ და სურთ მისი აღდგენა. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქართველებმა, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად გაუუქმდათ. თუკი, მათ სჭირდებათ და სურვილი აქვთ, უნდა შეეძლოთ გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა.

-გქონადათ თუ არა კონსულტაციები იურისტებთან და იცით თუ არა თქვენი კოლეგების პოზიცია პარლამენტში, რომელთა მხარდაჭერის გარეშე კანონპროექტი ვერ დამტკიცდება?

-ვისათნაც მქონდა საუბარი, ყველას მოსწონს ეს კანონპროექტი. ამ ინიციატივაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ უცხოელებისთვის 5 წელი საქართველოში ცხოვრება სავალდებულოა, რათა მათთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი იქნას განხილული. მე მინდა, რომ ეს ვადა 10 წლამდე გაიზარდოს. ანუ უცხოელმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ჯერ უნდა ისწავლოს ქართული, ისტორია, იცხოვროს 10 წელი და ამის შემდეგ მოხდეს მისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა.


-საქართველოს მოქალაქეობის საკითხი, რომ ხშირად გამხდარა მიზეზი ამა თუ იმ პიროვნების საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტიურ ცხოვრებაში, ამის მაგალითი არაერთი გვაქვს. ამ მხრივ, რას შეცლის თქვენი ინიციატივის რეალიზება? 

-მაგალითად, მე ვიყავი ემიგრაციაში. ვიმყოფებოდი რუსეთში, სადაც უარი ვთქვი რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე და დევნილის სტატუსიც არ მომცეს. ჩემთვის რომ მოქალაქეობა მოეცათ, ვიქნებოდი ბედნიერი, რომ შემენარჩუნებინა საქართველოს მოქალაქეობაც. ასეა ყველა ემიგრანტი ქართული მისი ხასიათის გამო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ უცხოეთში ყველა ეთნიკური ქართველისთვის საქართველოს მოქალაქეობა აუცილებელია. თუ გინდა, უნდა გქონდეს საშუალება, რომ მარტივად მიიღო ის და არა ისე, როგორც დღეს გვაქვს.

-რაც ეხება უცხოელებისთვის გამკაცრებას, ეს რამდენად ობიექტური გეჩვენებათ იმ ფონზე, რასაც ეთნიუკრი ქართველებისთვის უცხოეთის ქვეყნებში ითხოვთ?

-მოქმედი კანონმდებლობით, საამისოდ 5 წელი გვაქვს განსაზღვრული და მიმაჩნია, რომ ეს ვადა 10 წლამდე უნდა გაიზარდოს, ისე, როგორც ევროპაშია. შვეიცარიაში კი უცხოელისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად 12- წლიანი ზღვარია დაწესებული. ამიტომაც, ჩვენც ევროპულად უნდა მოვიქცეთ. რატომ უნდა გვქონდეს იმის ნახევარი ვადა დაკანონებული, რაც ევროპაშია?

-თქვენი ინიციატივა კონსტიტუციურ პროექტში ცვლილების შეტანას არ საჭიროებს?

-არ სჭირდება კონსტიტუციაში არაფრის შეტანა, ეს ორგანული კანონია.

-როგორც ამბობთ, თანამოაზრეებიც გყავთ, როდის დაიწყება თქვენი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა?

-ჯერ არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ეროვნული კანონპროექტი, ეთნიკური ქართველებისთვის დავწერე და რამდენად ეროვნულია პარლამენტი, ახლა გამოჩნდება.