• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პარტიებმა შემოწირულების სახით 7 726 993 ლარი მიიღეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებმა შემოწირულების სახით 7 726 993 ლარი მიიღეს. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხის უდიდესი ნაწილი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჩაირიცხა - მმართველმა პარტიამ 7 343 993 ლარი მიიღო.

მეორე ადგილზე "ევროპული საქართველოა" 323 675 ლარით, მესამე ადგილს კი "პატრიოტთა ალიანსი" იკავებს - პარტიამ შემოწირულების სახით 15 600 ლარი მიიღო.

ყოფილი მმართველი პარტია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 5 432 ლარით, მეშვიდე ადგილზეა.

პარტიების შემომწირველებს შორის არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები.

ციფრებიდან გამომდინარე აუდიტის სამსახურს კითხვები გაუჩნდა 101 პირის შემოსავლებთან დაკავშირებით, საიდანაც 14 მათგანი დაბარებულია გამოკითხვაზე.

„ამ ეტაპაზე 100-ზე მეტი პირის შესახებ გვაქვს გამოთხოვილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, რომ მივიღოთ რწმუნება იმაზე, რომ ამ პირებს ნამდვილად ჰქონდათ შემოსავალი, რომ მათ ნამდვილად განეხორციელებინათ შემოწირულობა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ დაბარებული 14 ფიზიკური პირი. აქედან 6 არის „ევროპული საქართველოს“, 8 კი „ქართული ოცნების“ შემომწირველი, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები.

იურიდიული პირების მხრიდან საგრძნობლად გაზრდილი არის დაფინანსება, თუკი ჩვენ ამ პერიოდს შევადარებთ წინა თვითმმართველობის არჩევნებს და საერთო ჯამში თვალში საცემია განსხვავება შემოწირულობებს შორის მმართველ პარტიასა და სხვა დანარჩენ პარტიებს შორის,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარტიების შემოწირულობებთან ერთად აუდიტის სამსახური ასევე რამდენიმე საკითხს სწავლობს. კერძოდ საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის შემცველ კამპანიასა და ასევე პოლიტიკური შინაარსის გავრცელების საკითხს.