• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

"მეხანძრე" თეთრი პერანგით - უახლესი ინფორმაცია ბორჯომის ხეობიდან

უახლესი ინფორმაცია ცხელი წერტილიდან... ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი კვლავ ძლიერდება და სოფელ დაბას უახლოვდება.

ადგილზე ჩასული, თეთრ პერანგში გამოწყობილი შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დილიდან გვარწმუნებდა რომ "ხანძარი ლოკალიზებული" იყო.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები იგივე ინფორმაციას ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებშიც და მილოცვებსაც იღებდნენ პოლიციის სიყოჩაღის გამოც.

რეალობა კი გაცილებით მწარე, მწვავე და განსხვავებული აღმოჩნდა - "ლოკალიზებულმა" ცეცხლმა უკვე 10 ჰექტრამდე ფართობი გადაწვა და ამ წუთებში დასახლებული პუნქტებისაკენ მოიწევს.

ვითარება იმდენად მძიმეა რომ “ორი დღის გაუჩინარებული” პრემიერი იძულებული გახდა გამოჩენილიყო. გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომში გაემგზავრა.

სამაგიეროდ, ამ დრომდე "დაკარგულად ითვლება" პრეზიდენტი.

არადა, ცეცხლს, რომელმაც 30 ათასამდე ახალი ნარგავი გაანადგურა, 200-მდე მეხანძრე საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან, გმირულად უმკლავდებოდა. 

მეხანძრეებს სამოქალაქო აქტივისტები და მოხალისეებიც ეხმარებოდნენ.

თუმცა, საბოლოოდ, მათი დღევანდელი ჯაფა მაინც არ იყო საკმარისი ხანძრის ჩასაქრობად. 

მღებრიშვილისაგან განსხვავებით, მეხანძრეები და მოხალისეები სიტუაციის “შესაფერისად იყვნენ შემოსილნი” და სტიქიას არა შორიდან, არამედ, ადგილზე ებრძოდნენ.

ქარმა ცეცხლის კერები მეზობელ ფერდობზე გადაიტანა და შესაბამისად, "მღებრიშვილის ლოკალიზებული" ხანძარი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა.

სამაშველო სამუშაოებში დილიდან ერთი ვერტმფრენი მონაწილეობდა. მას, მოგვიანებით, პრეზიდენტ ალიევის ინიციატივით აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი მეორე ვერტმფრენიც შეუერთდა,.

თუმცა, იმის გამო რომ ვერტმფრენები ღამის ხედვის სერვისით არ იყვნენ აღჭურვილნი, მუშაობა შებინდებისთანავე შეაჩერეს.

შეგახსენებთ რომ ბორჯომის ხეობაში, კერძოდ კი, წაღვერის ტყეში, ხანძარი გუშინ, დღის 2 საათზე გაჩნდა. მისი ჩაქრობა კი, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დასახლებული პუნქტებიდან ხალხი ქუჩებშია გამოსული. 

იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი სოფლებამდე მოაღწევს, შესაძლოა, მათი ევაკუაციაც გახდეს საჭირო. სოფელ დაბაში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა სახლი...

შს სამინისტროში "ამ ეტაპზე, ევაკუაციის საჭიროებას" ვერ ხედავენ.