• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

გია ხუხაშვილი: ჩვენ პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისი გვაქვს

ოპოზიციის საპასუხო წერილი მმართველ გუნდს დღეს გაეგზავნება, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ მთავარი მოთხოვნა 2020 წლისთვის არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერები  მოითხოვენ პროცესი დაუბრუნდეს პირველად ვარიანტს, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, სწორედ, ოპოზიციის პასუხებზე იქნება დამოკიდებული, მმართველი გუნდის პოზიცია და ასევე, ოპოზიციასთან შემდეგი შეხვედრის თარიღი.

საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე თვიანი უშედეგო პროცესის შეფასების მიზნით, „პრესა.ჯი“ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტს და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

- კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთობამ ახლა წერილობით ფორმა მიიღო, თუმცა ოპოზციის მთავარი მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე კვლავ ძალაში რჩება. თავის მხრივ, უმრავლესობა ოპოზიციისგან კვლავ ელოდება შეთავაზებას, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდება სრული კონსესუსი. თქვენი  აზრით, როგორ წარიმართება საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც ოქტომბერში უნდა დასრულდეს?

- ფაქტია, რომ თავად პროცესი უცნაურად მიმდინარეობს. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საკონსტიტუციო კომისიაში, მოეწყო საერთო-სახალხო განხილვა, ეს ყველაფერი მიმდინარეობდა იმ დათქმით, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ისეთი უცნაური და  დრამატული მანევრი ჩაატარა,  რომ ორ დღეში პრაქტიკულად წყალში გადაყარა მთელი ის სამუშაო, რომელსაც მანამდე პომპეზურად ატარებდა და კენჭი ორი მოსმენით უყარა მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, რითაც საკონსტიტუციო პროცესი სრულ ფარსად აქცია. 

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორჯერ კენჭისყრით მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან კონსესუსისა და მოლაპარაკებების გზა პრაქტიკულად თავად მოიჭრა. ამის შემდეგ იწყება მეორე უცნაურობა,  - დაიწყეს საუბარი კონსენსუსზე. სწორედ მაშინ დაემსგავსა საკონსტიტუციო პროცესი ერთ დიდ აბსურდს და  რაც ჩვენ პარლამენტში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ვნახეთ, ამ აბსურდის გაგრძელება იყო. ხელისუფლება ოპოზიციას სასაუბროდ ეძახის, მაგრამ თავად არაფერს ამბობს, იმ მთავარ საკითხსა და დაპირებაზე, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ”ქართული ოცნების” არა მხოლოდ დაპირება, არამედ პოლიტიკური ვალდებულებაც იყო. 

- ამის გარდა, ხელისუფლებაში მყოფ “ქართულ ოცნებას“ სხვა შეუსრულებელი დაპირებებიც აქვს, რომლის ფონზეც ამჟამად წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია და  ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას? 

- ჩემი აზრით, ჩვენ პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისი გვაქვს. არა მხოლოდ პერსონალურად ვგულისხმობ ვინმეს, არამედ პარტიებსაც. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ალტერნატიული იდეების სერიოზული დეფიციტია. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდი სწორედ ამგვარი კრიზისის შესაბამისად მიმდინარეობს. დღეს ჩვენს ამომრჩეველს არა აქვს ღირსეული არჩევანი. ფაქტობრივად, ის ისევ და ისევ დარჩენილია ნეგატიური არჩევანის პირისპირ - ანუ, ცუდსა და უარეს შორის. საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და აგრეთვე, ცუდი ოპოზიცია. ნეგატიური არჩევანის პირობებში ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს არა იდეების, ან მომწონს -არ მომწონს პრინციპით, არამედ იმ პრინციპით თუ ვინ მეტს გადაიხდის. რადგან ამომრჩეველს უკეთესობის იმედი არ აქვს, მზად არის ერთჯერადად გაიყიდოს. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ფულის გადახდას - ხმას მისცემს იმას, ვინც გზას დაუგებს, ან წყალს გაუყვანს. ამ არჩევნებში საგრძნობი უპირატესობა აქვს ხელისუფლებას. ბუნებრივია, რომ მას მეტი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ამომრჩევლისათვის სხვადასხვა სარგებელის გადაგდებით ამომრჩეველი ერთჯერადად ”იყიდოს.”
- საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში არაერთხელ გაიჟღერა საპარლამენტო არჩევნების  ბარიერის გარეშე ერთჯერადად ჩატარების იდეამ. თქვენი აზრით, ვინ შეიძლება ისარგებლოს ასეთი არჩევნებით პოლიტიკური სპექტრის ფონზე, რაც სახეზე გვაქვს. ან რატომ არ განიხილეს ეს ვარიანტი საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობის დროს?  

-  ჩვენ უნდა გვესმოდეს, როდესაც ხელისუფლებამ ეს იდეა ისროლა, ის მაშინ სახელმწიფო ინტერესზე არ ფიქრობდა და არც იმაზე უფიქრია, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო შემდეგი პარლამენტი. როცა ამაზე დაიწყეს საუბარი,  ვარაუდობდნენ ერთკაციანი პარტიებისთვის ძვლის გადაგდებას და მათთან გარიგების საფუძველზე კონსენსუსის ფასადის შექმნას. ეს იყო ხელისუფლების ამოცანა და არა ის, შემდეგი პარლამენტი თუ როგორ ეფექტური იქნებოდა.  ჩემი აზრით, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო საკითხებზე ძალიან უხარისხოდ იმუშავა და უგუნურად თვითდაზიანებებიც კი მიიყენა. რაც გასაკეთებელი იყო გუშინ, იმის კეთება ზეგ დაიწყეს. ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაზე ვიღაცამ პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა აიღოს.

- პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს?

- ვინც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია სწორი დასკვნების გაკეთება და ასევე სწორი ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღება. მმართველ გუნდში პროცესი მიჰყავთ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ. ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ ამბიციები, მაგრამ არ აქვთ ამ ამბიციების აღსრულების არც ინტელექტუალური და არც მორალურ-ზნეობრივი უნარები.