• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2017
article

ოპოზიცია მზად არის ვენეციის კომისიაში დაგეგმილ შეხვედრამდე უმრავლესობას კონსულტაციებზე დათანხმდეს

ოპოზიცია მზად არის ვენეციის კომისიაში დაგეგმილ შეხვედრამდე უმრავლესობას კონსულტაციებზე დათანხმდეს, თუ მას რეალური შედეგი მოჰყვება. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე ოპოზიციას კონკრეტული წინადადებების წარდგენა მოსთხოვა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება დათმოს მმართველმა პარტიამ. 
ასევე, უცვლელი რჩება ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე: მაჟორიტარული სისტემიდან  პროპორციულზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.  

„აუცილებელია ეს პროცესი იყოს ღია იმიტომ, რომ კულუარული ვერ იქნება, აქ ღირებულებით შეუთანხმებლობაა და  ჩვენ მხარს დავუჭერთ დემოკრატიულ ღია ჩართულობით გამორჩეულ პროცესს და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, უკეთესი კონსტიტუციის დეტალებზე სასაუბროდ,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა რურუამ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგი წერეთლის თქმით, შეთავაზება უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან.
„საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც უნდა გამოვაცხადოთ და ვთქვათ და შევთავაზოთ, მგონი არასწორი მიდგომაა. პირიქით, ხელისუფლებამ უნდა თქვას რა უნდა მას. მან იცის ეს ველი რა არის სამოქმედო, იცის საკითხები და უნდა თქვას რაში შეიძლება კომპრომისი და იმ მთავარ საკითხამდე მისვლა, რომ იყოს კონსენსუსი და იყოს შეთანხმება“, - აღნიშნა წერეთელმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ის მოცემულობა, რაზეც ნახევარი წლის მანძილზე იყო მსჯელობა.