• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2017
article

"საბედნიეროდ, დამთავრდა საქართველოში ის დრო, როდესაც გუბერნატორები თამაშობდნენ ერთგვარი კომისრის როლს რეგიონებში"

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის  განცხადებით, რეგიონებში საკადრო ცვლილებები თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკადრო ცვლილებებზე პასუხისმგებელი მთავრობაა და საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. 
"საკადრო ცვლილებები არის ჩვეულებრივი მოვლენა. პროცესები არის დინამიური, როგორც მმართველობის სისტემაში, ისე პოლიტიკაში.

  საბედნიეროდ, დამთავრდა  საქართველოში ის დრო, როდესაც გუბერნატორები თამაშობდნენ ერთგვარი კომისრის როლს რეგიონებში, როდესაც ისინი იყვნენ პირდაპირ და ძალიან უხეშად ჩართული საარჩევნო პროცესებში. ასეთი მოვლენები დღეს საქართველოში აღარ ფიქსირდება. შესაბამისად, ეს არ არის დაკავშირებული საარჩევნო პროცესებთან",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში დანიშნავს.

“ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური პროგრამა. ასეთი ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გუნდში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მათ წარმატება ვუსურვო. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ამ ორ რეგიონში ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.