• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

რატომ არ შეაფასა კახა კალაძემ ჯგუფურად გაუპატიურების მუქარის ფაქტი დანაშაულად?

ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „ფეისბუქზე“ წერს. 

მისი თქმით, საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. 
„განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, იმის უნარი მაინც უნდა გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. 

მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში“, - წერს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „ფეისბუქზე“.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილმა კალაძის ეს მოწოდება მოიწონა და ღირსეულ გამოხმაურებად მიიჩნია, აუცილებელია ყურადსაღებად მივიჩნიოთ ის ფაქტი, თუ რატომ არ გაამახვილა პოლიტიკოსმა ყურადღება იმაზე, რომ  კონსტანტინე მორგოშიას, გია კორკოტაშვილისა და მიხეილ ამისულაშვილის საჯარო კომენტარები არა უბრალო შეურაცხყოფა, არამედ ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიცაა. რატომ არ წარმართა ხელისუფლების წარმომადგენელმა მსჯელობა იმ კუთხით, რომ მუქარაზე შსს დროულ და შესაბამის რეაგირებას მოახდენს?

151-ე მუხლის (მუქარა) მიხედვით,  1.სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე; 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ხომ არაა კალაძის განცხადება იმის მანიშნებელი, რომ გამოძიება არ წარიმართება სრულყოფილად და მუქარის ავტორები არ დაისჯებიან შესაბამისად?! სამწუხაროდ ქვეყანაში ბოლო დროს მსგავსი მიდგომის პრაქტიკა და „დაუსჯელობის სინდრომის“ არაერთი მაგალითია. ასეა თუ ისე, გამოძიება სავარაუდოდ ახლო მომავალში თავის პასუხს იტყვის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების უკან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები დგნან და ისინი უმაგრებენ ზურგს , სათუოოა ადეკვატური განაჩენის მოლოდინი. 

როგორც ჩანს, კალაძემ საკითხში საზოგადოების ჩართულობიდან გამომდინარე, წინასაარჩევო პერიოდში წამგებიანად მიიჩნია არ გამოეხატა თავისი პროტესტი და შეეცადა პოტენციურ ამომრჩეველი არ გაეწბილებინა, თუმცა ბოლომდე ვერც „მეგობრებს“ აწყენინა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა ჯერჯერობით არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მუქარასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას,  თუ ვინ მფარველობს ფაშისტურ მარშს და რატომ.  ალბათ სწორედ აქედან გამომდინარეა წარმოუდგენელი სითამამე საჯაროდ ჯგუფურად გაუპატიურების მოწოდებისას.