• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დროსა და ფორმატს მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დროსა და ფორმატს მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

19 ივლისს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც განხილვის ერთერთი საკითხი საკონსტიტუციო რეფორმა და ოპოზიციასთან გასამართი კონსულტაციების ფორმატი იქნება, რის შემდეგაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსა და ფორმატს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაახმოვანებს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსტიტუციური ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე, კონსულტაციების გამართვას ითხოვს, სადაც მოლაპარაკების ერთერთი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი და მეორე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე - ოქტომბერში იგეგმება. 

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ამოქმედდება, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კი, შერეული სისტემით 3%-იან ბარიერის პირობებში ჩატარდება.