• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

"ეს სამარცხვინო ხალხი პირდაპირ მოუწოდებენ 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისაკენ"

"ევროპული საქართველოსთვის" მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც "ქართული მარშის" წევრების მხრიდან გაეროში საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენლის, თათია დოლიძის მისამართით გაკეთდა.

„ევროპული საქართველო“ სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. თემა "ქართველთა მარშში" მონაწილეთა ბოლო დროინდელი ქმედებები და განცხადებებია.

„ვუცხადებ სოლიდარობას დღეს თათია დოლიძეს და ყველა იმ ქალს, რომელიც არის ძალადობის ან ძალადობის მუქარის შემცველი განცხადებების მსხვერპლი. მივმართავ ამ ფაშისტ, ჰომოფობ მოძალადეებს, თქვენ არ გექნებათ საშუალება, რომ საზოგადოება აქციოთ ძალადობის, ჩაგვრის და მუქარების ქვეყნად,“ - "ევროპული საქართველოს" წევრმა განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველო“ რეაგირებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

„ყველგან, დასავლეთში არსებობენ პუტინის პროპაგანდის გამტარებლები, ფაშისტები, შავრაზმელები, ეს სამარცხვინო ხალხი და მათაც აქვთ, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება, მაგრამ თუ ისინი გადადიან ზღვარს და პირდაპირ მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამ შემთხვევაში 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისაკენ და მის ადგილსამყოფელს ადგენენ, რეალურ ქმედებას გეგმავენ, ეს არის დასჯადი, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი. ისინი არიან ივანიშვილის მთავრობის, კალაძის და მთელი ამ გუნდის სატელიტები, მოკავშირეები და მათი და პუტინის მხარდაჭერით არსებობენ. ეს არის დიდი პრობლემა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.