• თბილისი
  • 32°C
  • 25 ივლისი, 2017
article

შვედეთის პროკურატურამ WikiLeaks-ის დამფუძნებელის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ WikiLeaks-ის დამფუძნებელის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მისი დაპატიმრების ორდერი გააუქმა. 

თუმცა, შვედეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ თუკი ასანჟი, 2020 წლამდე, ანუ დანაშაულის ვადის გასვლამდე, ქვეყანაში შევა, მის წინააღმდეგ საქმე შეიძლება განახლდეს.

გამოძიება ასანჯთან დაკავშირებით 2010 წელს დაიწყო, როდესაც ორმა ქალმა განაცხადა, რომ ასანჟის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასანჟი 2010 წლის დეკემბერში ბრიტანეთში დააკავეს, შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს.

ასანჟის მომხრეთა ვებგვერდზე ნათქვამია, რომ პროკურატურის ნაბიჯი გაეროს დაკავების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის გადაწყვეტილების შედეგია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმა დაასკვნა, რომ შვედეთი და დიდი ბრიტანეთი ასანჟს თავისუფლებაზე ყოფნის უფლებას ართმევენ. 

დიდ ბრიტანეთს ჯერ არ განუმარტავს, მიმართა თუ არა მას ასანჟის გადაცემის მოთხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, რის გამოც ის ასევე შეიძლება დააპატიმრონ.

2012 წლის ივნისიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, ეშინია რა დაპატიმრების და შვედეთში ექსტრადიციის.

ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე საკუთარი გამოძიება დაიწყო.