• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2017
article

გაწირავს თუ არა უმრავლესობა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ჩასაგდებად?

კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვების ფონზე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული გადავა თუ არა ქვეყანა პროპორციულ მოდელზე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ამ საკითხზე განხილვები გაიმართება როგორც ღია, ასევე დახურულ ფორმატში.

ცნობილია, რომ აღნიშნულ ცვლილებას თავად მმართველ გუნდში იმდენი მოწინააღმდეგე ჰყავს, რამდენიც საკმარისია იმისათვის, რომ პარლამენტში კონსტიტუციური პროექტის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება ვერ მოხერხდეს.

პარლამენტში უმრავლესობა „მრეწველების“ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად კი 116 ხმით არის წარმოდგენილი, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი 113 დეპუტატის ხმას გულისხმობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს კი ხელი 108 დეპუტატმა მოაწერა.

კახა ოქრიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ენზელ მკოიანი, გია ჟორჟოლიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, ედიშერ თოლორაია, ზვიად კვაჭანტირაძე და შოთა შალელაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არიან, რომლებმაც საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციური პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს.

ახლახანს გამართულ უმრავლესობის დახურულ შეხვედრაზე სწორედ იმ დეპუტატებზე იყო საუბარი, სადაც “პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ამ დეპუტატების ნაწილმა მიზეზად დაასახელა ის, რომ პროექტის ინიცირების მომენტში მივლინებაში იმყოფებოდა, ნაწილი კი არც მანამდე მალავდა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დაუჭერდა.

მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებით, თუკი საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკური შეთანხმება ვერ მოხდება და მაჟორიტარულ სისტემის გაუქმების საკითხი არ შეიცვლება, ისინი ასეთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ კონსტიტუციის პროექტი მიღებული ვერ იქნება, რამაც შესაძლოა, პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არასწორად მიიჩნევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომლის განცხადებით, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე საკუთარი პოზიცია მან თავის კოლეგებს კიდევ ერთხელ გააცნო.

პარლამენტის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არის ერთსულოვნება და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეები ცდილობენ, მმართველი გუნდის ლიდერები დაარწმუნონ, რომ ქვეყანაში შერეული საარჩევნო სისტემა დარჩეს.

„ჩემს პოზიციაზეა ძალიან ბევრი მაჟორიტარი და არა მხოლოდ ისინი. მნიშვნელობა არა აქვს ვინ უჭერს მხარს და ვინ არა, მთავარია არგუმენტაცია. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში დიდი რისკია, რომ ეთნიკური ნიშნით ჩამოყალიბდეს შეფარული პარტიული სტრუქტურები და ფრაქციები, როგორც ეთნიკური, ასევე კუთხური ნიშნით. ეს არ არის მარტივი საკითხი, ძალიან დიდი რისკის შემცველია“, - მიაჩნია კახაბერ ოქრიაშვილს, რომელიც სწორედ რისკებიდან გამომდინარე, მხარს არ დაუჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

მისივე თქმით, მსოფლიოს 90 ქვეყანაში არის სრულად მაჟორიტარული სისტემა, მათ შორის აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში. 30-ზე მეტ ქვეყანაში არის შერეული სისტემა, მათ შორის სამხრეთ კორეაში, იაპონიაში და საქართველოში. 74 ქვეყანაში არის პროპორციული სისტემა, ძირითადად არის ევროპა და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპა.

პროპორციული სისტემა მუშაობს მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა არის მაღალ დონეზე, იგივე შვედეთში და ფინეთში, მაგრამ ძალიან ცუდად მუშაობს ეს სისტემა ესპანეთში, სადაც პერმანენტული კოალიციური კრიზისები აქვთ, რასაც ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკური ტემპების ზრდის ვარდნა. ამიტომ არიან ეს ქვეყნები გაჭირვებაში, იგივეა საბერძნეთში. იტალიის წინსვლაც ამ სისტემამ შეაფერხა.

პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ასევე მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, თუმცა, ამის მიუხედავად, კონსტიტუციის განხილვის ინიცირებას მან ხელი მოაწერა, თუმცა მისივე განმარტებით, ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მხარს უჭერს ახალ კონსტიტუციას.

„ვინმემ ამიხსნას რატომ არ არის დემოკრატიული მაჟორიტარული სისტემა და რატომ არის დემოკრატიული პროპორციული სისტემა? ამიტომ ვერ გავიზიარებთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწეული იქნება“, -განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებას აკლია პარლამენტის წევრის, გრიგოლ ლილუაშვილის ხელმოწერაც, რომელიც კოლეგებისგან განსხვავებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობა.

„იმის მიუხედავად, რომ თავად ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, ვიზიარებ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიციას. ვესწრებოდი საკონსტიტუციო კომისიის ყველა სხდომას და ყველგან დაფიქსირებული მაქვს ჩემი თანხმობა. ჩემი ხელმოწერა ინიციატივაზე ვერ შედგა იმის გამო, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი ვილნიუსში“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.