• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2017
article

„ევროჯგუფისგან მოველით ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეამსუბუქებს ჩვენს სავალო ტვირთს“

საბერძნეთის პარლამენტმა, საგარეო დახმარების მიღების გაგრძელების მიზნით, ახალი ეკონომიკური რეფორმების შემოღებას უყარა კენჭი.

„ჩვენ ვიმსახურებთ და ევროჯგუფისგან მოველით ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეამსუბუქებს ჩვენს სავალო ტვირთს და ბერძენი ხალხის მოლოდინებს შეესაბამება“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა. 

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის ევკლიდ ცაკალოტოსის განცხადებით, საბერძნეთმა და მისმა უცხოელმა კრედიტორებმა შეთანხმება დადეს რეფორმების პაკეტზე, რომელიც ფინანსურ დახმარებას, პენსიებისა და სოციალური შეღავათების შემცირებას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე შეიცავს რეფორმებს შრომისა და ენერგეტიკის სფეროში.

„მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გარეშე საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებისგან მორიგ ფინანსურ ტრანშს ვერ მიიღებდა“, - თქვა მან.

პარლამენტის გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის ეზოში შეღწევას შეეცადა და პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ და ქვები დაუშინა. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.