• თბილისი
  • 33°C
  • 20 აგვისტო, 2017
article

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი შესაძლოა შეჩერდეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის განცხადებით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი შესაძლოა შეჩერდეს, თუკი მოსალოდნელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბრიტანელები ახალ მთავრობას აირჩევენ.  

„თუკი დიდი ბრიტანეთი არჩევნების შემდეგ Brexit-ის გაუქმებას მოინდომებს, ეს ძალიან ადვილი პროცედურა იქნება. ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა ყველასთვის სასარგებლო იქნება და მე ეს ძალიან გამიხარდება“ -განაცხადა მან.

ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება ბრიტანელებმა 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე მიიღეს. 29 მარტს ბრიტანეთმა ოფიციალურად დაიწყო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცედურა, რომელიც, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში  გაგრძელდება.  გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო არჩევნებია დანიშნული, რომელიც 8 ივნისს უნდა ჩატარდეს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის  ამ ინიციატივას, მხარი დაუჭირა.

2016 წლის 23 ივნისს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგე პრემიერი დევიდ კამერონი გადადგა.

გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს.