• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ირაკლი აბესაძე: ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ

პარლამენტის მოლოდინი გამართლდა: პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო და კანონმდებლებს შენიშვნებით უკან დაუბრუნა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, გაუმართლებელ ხარჯებს ითვალისწინებს, -ასეთია გიორგი მარგველაშვილის ვეტოს მთავარი მოტივაცია, რომელსაც მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია.

ამ და სხვა საკითხებზე „პრესა. ჯი“ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ირაკლი აბესაძეს ესაუბრა:

- პარლამენტმა პრეზიდენტისგან მორიგი ვეტო მიიღო, რომელსაც წინამორბედი ვეტოების მსგავსი მომავალი აქვს. რა აზრი აქვს პრეზიდენტისა და საპარალამენტო ოპოზიციის აქტივობას, რომელიც რეალურად შედეგს არ იძლევა?

- პრეზიდენტის ვეტომ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური პრინციპების უხეში უგულვებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა სუს-ის შესაძლებლობა, ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში, აწარმოოს უკანონო მიყურადება და უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით მოახდინოს ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების პოლიტიკური შანტაჟი. 
ამას ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ, როდესაც უმრავლესობას ვთავაზობდით, შეექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რეალურად დამოუკიდებელი სააგენტო, რომელზეც  ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და ფარული მიყურადება განხორციელდებოდა ე.წ. 

ორგასაღებიანი სისტემით. ამ ყველაფერზე უარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას განუცხადა, რომ მზად არის გააგრძელოს ფარული მოსმენის მანკიერი პრაქტიკა, რომლის დასრულებაც ამ ქვეყანაში ყველას სურს „ქართული ოცნების“ გარდა, რომელიც რიცხობრივი უპირატესობით ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აპირებს კონსტიტუციის მორიგი დარღვევის გზით ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას.

- არც ოპოზიციისთვის და არც პრეზიდენტისთვის მოულოდნელი არ იქნება, რომ მიღებული კანონპროექტის განსაზღვრულ ვადაში ასამოქმედებლად, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს შენიშვნების განხილვის გარეშეც შეძლებს. ამის შემდეგ რას აპირებთ?

- ვაპირებთ, რომ არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან საერთაშორისო კონსულტაციების შედეგად მივიღოთ ამ კანონის კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილება. შემდგომში კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გავასაჩივრებთ. ბრძოლის შევწყვეტას არ ვაპირებთ და არ ვაპირებთ, რომ  „ქართულ ოცნებას“  ქვეყანაში უკანონო მოსმენების გაგრძელების საშუალება მივცეთ.

- პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 7 აპრილს არის დაგეგმილი, ანუ მას შემდეგ რაც ვეტო უკვე დაძლეული იქნება. აპირებთ თუ არა, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ ტრიბუნა პოლიტიკური დებატებისთვის გამოიყენოს?

- პრეზიდებტის მოხსენება პარლამენტში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა და პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ დებატების წარმართვის, ასევე პრეზიდენტისთვის იმ შეკითხვების დასმის საშუალება, რომელიც აწუხებს საზოგადოებას...

- რა იქნება ოპოზიციის მთავარი გზავნილები პრეზიდენტის მისამართით?

- პირველ რიგში, ეს იქნება სოციალური ხასიათის შეკითხვები, რადგან ყველაზე მეტად ადამიანებს ის დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა და გაძვირებული ცხოვრება აწუხებთ, რაც „ქართული ოცნების“ 4 - წლიანმა მმართველობამ მოიტანა. ასევე შეკითხვები იქნება იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას დღეს აწუხებს. იქნება საპატრიარქოსთან დაკავშირებული შეკითხვებიც ...

- უმრავლესობის მხრიდან რას ელოდებით, მიეცემა უმცირესობას და პრეზიდენტს „სპექტაკლის“ მოწყობის საშუალება, როგორც ამ ფორმატს საპარლამენტო უმრავლესობის წრეებში ეძახიან?

- ვნახოთ, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე სცადოს, რომ პრეზიდენტის მოსმენა მხოლოდ ფორმალობად აქციოს, არ მოისმინოს საზოგადოების შეკითხვები და არ გასცეს მას პასუხები. ძალიან შორს ვართ იმ საუკეთესო და ბრწყინვალე მეოთხე წლისგან, რომლის დაპირებებსაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იძლეოდა. 

დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსი კვლავ 2012 წლის დონეზეა და ბევრი სხვა მიმართულებით, მნიშვნელოვნად არის შეფერხებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. „ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე დაბრალებით და მავნებლურად გატარებული 4 წლის შედეგი არის ის, რომ დღეს ბაზარზე გვაქვს ფასები, რომლის გადახდაც მომხმარებელს უჭირს იმაზე მეტად, ვიდრე ეს იყო ამ 4 წლის წინათ.

- კულუარული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნების ვადამ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაიწიოს. იგულისხმება მერობის შესაძლო კანდიდატების: მერობის შესაძლო კანდიდატების: დავით ნარმანიასა და კახა კალაძის ალტერნატივის მოძებნაზეც...

- „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსით მიმდინარე საკრებულოებისა და თვითმმართველობის ორგანოების ვადად განისაზღვრა სამ წელიწადნახევარი და მორიგი არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ წლის ოქტომბერში. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარი იქნება ახლა ამ თარიღის გადაწევა და უკვე არჩეული საკრებულოების უფლებამოსილების გაზრდა, რაც ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება, რამდენად შესაბამისობაში იქნება მოქმედ საარჩევნო კანონმდებლბასთან ქვეყანაში. 

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ მოქმედი მერები და გამგებლები. დავით ნარმანიას მაგალითზე ყველამ კარგად დაინახა რომ გასული 3 წელი მხოლოდ ჩინოვნიკების  ცხოვრების გაუმჯობესების წინაპირობად იქცა.