• თბილისი
  • 32°C
  • 29 ივნისი, 2017
article

რუსთავი 2-ის დაშლის ახალი გეგმა (ფაქტები და დეტალები)

საქართველოს ნომერ პირველ ტელეკომპანიას ხელისუფლებამ სამართლებრივი გზით ვერაფერი მოუხერხა. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კონტროლირებადი მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროსასამართლომ უვადოდ შეაჩერა.

ხელისუფლება ცაიტნოტშია. მიუხედავად იმისა რომ დიდი სურვილი აქვთ, თუ ოცნება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას ეცდება, ეს იქნება განაჩენი თავად ხელისუფლების წინააღმდეგ.

ამიტომ, ცნობილი ხდება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დასუსტების ახალი გეგმის შესახებ, რომელიც ძირითადად, კადრების გადაბირებაში მდგომარეობს.

ვინ და რატომ ტოვებს რუსთავი 2-ს?

ცოტა ხნის წინ, არხიდან იმედში გადავიდა მარკეტინგის სამსახურის უფროსი, კოტე ბატმანიდი. ის, ირაკლი რუხაძესთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და როგორც ჩანს, სარფიანი წინადადებაც მიიღო.

ბატმანიდის შემდეგ, რუსთავი 2 დატოვეს ტელეწამყვანმა დიმა ობოლაძემ და სპორტული მიმართულების პროდიუსერმაც. ისინი, ისევე როგორც ბატმანიდი, იმედში აღმოჩნდნენ.  

თუმცა, ეს, ცხადია, ყველაფერი არ არის. ამ წუთებშიც კი, იმედის წარმომადგენლები და უკვე იმედში გადასულები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსთავი 2-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან.

კულუარული ინფორმაციით, ერთერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ტელეკომპანიაში უფრო ტექნიკური მიმართულებით მუშაობს, უკვე დაითანხმეს და მისი „ტრანსფერის“ შესახებ ინფორმაცია ამ დღეებში გავრცელდება.

რუსთავი 2-ის გარდა, ხელისუფლების სამიზნეა გავლენიანი და არაკონტროლირებადი მედია-ორგანიზაციებიც, რომლებიდანაც სუსტები სხვადასხვა მიზეზით იპარებიან.

კურიერის გუნდს ვერ შლიან...

თავის დროზე, რუსთავი 2-დან მისი ყველაზე ცნობილი სახე, ნიკა ტაბატაძე წავიდა. რა თქმა უნდა, ეს არხისათვის დანაკლისი იყო.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ნიკას წასვლის შემდეგ, ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერდა, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსით, რასაც რეიტინგის ზრდა და გამყარებაც დაემატა.

უფრო მეტიც: ტელეკომპანია რუსთავი 2, დღეს, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი იმედისაგან განსხვავებით, მომგებიანი კომერციული არხია.

არხის წარმატება კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნებოდა, რომ არა, გაუთავებელი ყადაღა და ხელისუფლების დაუოკებელი სურვილი - დაიქვემდებაროს ნომერ პირველი ტელევიზია.

ამიტომ, 10 წლიანი მუშაობის შემდეგ, ობოლაძის იმედზე გადასვლა, არხისთვის დიდი დანაკლისი ვერ იქნება. შესაძლოა, პირიქითაც იყოს: დიმას დააკლდეს რუსთავი 2.

შესაბამისად, კადრების, მათ შორის არაცნობილი სახეების გადინება რუსთავი 2-სათვის უფრო ფსიქოლოგიური უსიამოვნებაა, ვიდრე რეალური დარტყმა. 

რატომ? ამ მდგომარეობით, კურიერის გუნდს, რომელიც არხის წამყვანი ძალაა, ვერც შლიან და ვერც - ასუსტებენ. თუმცა, ცდილობენ გადაიბირონ შედარებით ახალი სახეები, რომლებსაც იმედში გადასულების გარდა, რუსთავი 2-ის მენეჯმენტის ყოფილი წარმომადგენელი ესაუბრება.

როცა მაგალითი დირექტორია...

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, მიუხედავად იმისა, მე და თქვენ მოგვწონს თუ არა, შეუპოვრობის, შეუგუებლობისა და უკომპრომისობის მაგალითია არხის თანამშრომლებისათვის.

ნიკა გვარამიამ დაწვა ყველა ხიდი მასსა და ხელისუფლებას შორის. 

მან, საკუთარ თანამოაზრეებს მისცა მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დაემორჩილო ხელისუფლების ზეწოლას და გააგრძელო ბრძოლა მაშინაც კი, როცა, ერთი შეხედვით, გამარჯვების არანაირი იმედი არ არსებობს.  

ამიტომ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ცოტა გაუგებარია ობოლაძის ნახტომი თავისუფალი ტელევიზიიდან სახელისუფლებო არხზე. 

თუმცა, დიდი ალბათობით, ასეთი ტრიუკები, რუსთავი 2-ს, ისევე როგორც მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა გავლენიან მედია-საშუალებებს, კიდევ უფრო გააძლიერებს და გააერთიანებს.