• თბილისი
  • 33°C
  • 29 ივნისი, 2017
article

"ენმ-ს ახალმა ხელმძღვანელობამ შესაძლოა უგულავა-ბოკერიას გუნდის წევრები სიიდან ამოიღოს"

"ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი 20 იანვრის ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თანხას გადარიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა ნაწილის აზრით, ყრილობა არალეგიტიმურია.

თანხის გადახდის ბოლო ვადად, ხელშეკრულებით, 18 იანვარია განსაზღვრული.

"საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ დღეისათვის პოლიტიკური საბჭოს არ დაუმტკიცებია ყრილობის სამართლებლივად ჩატარებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათახმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს. 

მოგახსენებთ, რომ ჩვენი პოზიცია დღესაც უცვლელია და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს წესის დარღვევით შექმნილი „საორგანიზაციო კომისიისა“ და მისი მხარდამჭერების არჩეული გზით, 2017 წლის 20 იანვარს ჩატარებული ყრილობა შეუძლებელია ჩაითვალოს ლეგიტიმურად, იურიდიულად გამართულად და სათანადოდ ორგანიზებულად.

მიუხედავად ამისა, რადგანაც არსებობს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რადგანაც არსებობს პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილის მოთხოვნა, მე მოვალე ვარ გადავრიცხო სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად", - წერს რატიანი.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც 20 იანვრის ყრილობაზე აირჩევენ, შესაძლოა პარტიის სიიდან ის ადამიანები ამოიღოს, რომლებიც ე.წ უგულავა-ბოკერიას გუნდს წარმოადგენენ და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში პარტიას დატოვებენ.

მათ შორისაა ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.

როგორც პარტიის წევრი ნინო კალანდაძე ამბობს, ეს თემა ჯერ არ განიხილება.

შეგახსენებთ, სერგო რატიანის მიმართვით ცესკომ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან ნინო კალანდაძე, ომარ მეგრელიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ეკა ხერხეულიძე ამოიღო.