• თბილისი
  • 28°C
  • 25 ივნისი, 2017
article

ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილთან

„პრესა.ჯი“ ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს. მაშ ასე, რა ხდება დღეს და რას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია?

„პრესა.ჯი“: ვინ ნიშნავს ძალოვნებს - თავდაცვის, შს და იუსტიციის მინისტრებს?

ავთანდილ დემეტრაშვილი: მთავრობის ყველა შემადგენლობის შერჩევა ფორმალურად პრეზიდენტის მოვალეობაა. მას შეუძლია და უფლებამოსილია პრემიერ-მინისტრს ძალოვანი უწყებების მინისტრებად საკუთარი კანდიდატურები შესთავაზოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის ფორმირება პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია. ერთია, მიიღებს თუ არა, მას პრემიერი და ნდობას გამოუცხადებს თუ არა, მას პარლამენტი.

- აქვს თუ არა, მოქმედ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება?

- ეს უფლება მას არ აქვს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. თუ 6 თვის შემდეგ, მყარი არგუმენტი ექნება პირველ პირს, მაშინ ეს თავისუფლად შესაძლებელია.

- რა ხდება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების შემთხვევაში?

- პრემიერს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს სასამართლო სისტემაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს 10 წლის ვადით პრეზიდენტი ნიშნავს.

- არის თუ არა, უფლებამოსილი პრემირ-მინისტრი, გააკონტროლოს ძალოვანი სამინისტროები, შსს იუსტიცია, თავდაცვა?...

- მას აქვს უფლება გადააყენოს ძალოვანი მინისტრები, ოღონდ პრეზიდენტთან შეთანხმებით.

არსებული კონსტიტუციით, აღმასრულებელ სფეროში პრემიერ მინისტრს ძალიან დიდი უფლებები აქვს. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოიწვიოს მთავრობის სხდომა, გადააყენოს მთავრობა. ვიმეორებ, შეუძლია ძალოვანი მინისტრებიც გადააყენოს, ოღონდ ძალოვან მინისტრებთან დაკავშირებით მას დასჭირდება პრეზიდენტის თანხმობაც. მათი თანამდებობაზე დანიშვნაც კონსულტაციების შემდეგ უნდა მოხდეს.

იმ უწყებებში, რომელსაც პარლამენტის დამტკიცება სჭირდება, ძლიერია პრემიერის ინსტიტუტი. იუსტიციის, შსს სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში პრემიერს შეუძლია დაიწუნოს კიდეც პრეზიდენტის მიერ შთავაზებული მინისტრები.

თუმცა, როგორც თქვენ პრეზიდენტისგან მოისმინეთ, ის არ ჩაერევა მთავრობისა და უწყებების ფორმირებაში.

- რა არის საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, რამდენად გრძელი პროცედურაა ეს ყოველივე?

- პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებას სერიოზული ბრალდება სჭირდება. პირველ პირს სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი ან კონსტიტუცია დარღვეული.

პარლამენტში იმპიჩმენტისთვის წინადადების წამოყენებისთვის პირველ ჯერზე საჭიროა დეპუტატთა რაოდენობის 1/3-ის თანხმობა. აუცილებელია დასკვნა გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლომ ან უზენაესმა სასამართლომ.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა ახლა უკვე საჭიროა პარლამენტართა საერთო რაოდენობის 2/3-ის შეგროვება. ანუ სულ მცირე 100-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას მხარი. ყველა ეს პროცედურა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძლიერი ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.