• თბილისი
  • 21°C
  • 27 მაისი, 2017
article

ივანიშვილი: "პახმელიაზე" არ იყოთ... (რეპორტაჟი აქციიდან)...

„მოგესალმებით ჩემო ხალხოოო“ - წვრილი, მისთვის დამახასიათებელი ხმით, ყალბი ღიმილითა და თითის ქნევით მიმართა ივანიშვილმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 30 ათასამდე აქტივისტს. 

„მივესალმები საქართველოს“ - ასე გააგრძელა პათეტიური, ყალბი სიტყვების რახა-რუხი ოლიგარქმა ჭორვილიდან. ამის შემდეგ კი, კვლავ მოგვიყვა წინასწარ დაზეპირებული ტექსტი, ჩვეული რუსული აქცენტით იმის შესახებ, თუ როგორი კარგი მენეჯერია და როგორ აგვიხდენს ოცნებებს.

„ოცნებას კაცი არ მოუკლავს“ - თქვა ივანიშვილმა. მართლაც, ეს კაცი უკვე თვეებია ოცნებობს და სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრის შემდეგაც გააგრძელებს ოცნებას ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ.

„სა-ქარ-თველ-ოოო“, „საქააააართვეე-ლო“, - ამ კაცმა რაც შეეძლო გააკეთა. მისთვის ორატორობის ნიჭი არ მიუცია ღმერთს. ამიტომაც, მისმა მცდელობამ, როგორმე ემართა აუდიტორიის ემოცია, ამჯერადაც ფუჭად ჩაიარა. 

თავისი ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა, მოედნიდან ოლიგარქი აკვარიუმში დამწყვდეულ შარვალ-კოსტუმიან ლიფსიტას ჰგავდა, რომელსაც თავი ზვიგენი ჰგონია - კივის, ყვირის, ბრაზდება რაც შეუძლია, მაგრამ მისი ხმის ექო აკვარიუმს ვერ სცდება...

„შამოხაზეთ 41“ - თავისი მენცარული გამოსვლისას, საჩხერულად მოუქცია და მორცხვად ჩააკვეხა ეს ფრაზა ოლიგარქმა. „ერთჯერ კიდე ვამბობ“, - მართალია ვერ ისწავლა ამ კაცმა ქართული, მაგრამ სამაგიეროდ, მედიცინას მოუხმო და ნახევარი საათი ისაუბრა გაურკვეველ ჭრილობაზე, რომელიც, ჰოი საოცრებავ, თურმე აუცილებლად უნდა შეხორცდეს.

იქვე, წინა რიგებში იყო „ჩემი ეკაც“. შავსათვალიანი და ხელოვნურღიმილიანი „შუშის კოლბის დედოფალი“, ჭორვილიდან საგანგებოდ ჩამოსულ სასულიერო პირს არიგებდა ჭკუას და დროდადრო საჩხერულ ამბებსაც ეკითხებოდა.

„ჩემი ეკა“ ხანდახან მენცარულად ახედავდა ტყვიაგაუმტარი შუშის იქეთ ლანდადქცეულ მეუღლეს და შემდეგ ისევ გაუბამდა ბაასს, რომელიმე მის შორიახლოს მდგომ ნაცნობს.

თუმცა, როცა ტრადიციულად ბიძინას სიტყვა დაავიწყდა, ვეღარც მონიტორზე წაიკითხა და გაუგებარი ბლუყუნიც დაიწყო, „ჩემი ეკა“ შეკრთა, გაწითლდა და თავი ჩაღუნა - შერცხვა ალბათ, „დიდი სახლის პატარა დიასახლისს“...


„შეხედეთ ხალხნო, რა გუნდი მყავს, რომელი ერთი არ მოგწონთ, რომელი ერთი არ გიყვართ“, - დავით უსუფაშვილისკენ, ნუკრი ქანთარიასკენ და ზურაბ აბაშიძისკენ გაიშვირა თითი ივანიშვილმა.

ბიძინა, სავარაუდოდ, იმ მომენტში არ ფიქრობდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელმაც თინა ხიდაშელს „ყლ-ქალა“ უწოდა და „დედის ტრკ-ი“ აგინა. ოლიგარქი, ალბათ, არც ირაკლი ალასანიაზე ფიქრობდა, რომელმაც ფარული აუდიოჩანაწერის მიხედვით ივანიშვილზე ზუსტად ასე თქვა: „აუ რა ყლ-ა“.

„და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს. მადლობა მინდა, მადლობა მინდა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს.

გარწმუნებთ, რომ ძალიან ღირსეული გუნდი შევკრიბეთ. და ბოლოს, და ბოლოს, და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც მხარს მიჭერს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დედას, ჩემს მეუღლეს. ქართული ენა ძალიან მდიდარი ენაა და ჩემი მეუღლე ჩემს მეორე ნახევარს წარმოადგენს.

მე მინდა მადლობა გადავუხადო უტას, რომელმაც დიდი როლი შეასრულა პოლიტიკაში რომ შემოვსულიყავი, გვანცას, ცოტნეს და მინდა განსაკუთრებით გადავუხადო მადლობა ჩემს ვაჟს, ბერას, რომელიც კაცურად მიდგას მხარში.

და ბოლოს, სულ ბოლოს, გაფრთხილებთ ყველას, არაფერი შეგეშალოთ... პირველისთვის არ გადაიღალოთ, "პახმელიაზე" არ იყოთ. ცოტა გაციებული ვარ და ბოდიშს გიხდით“ - ასე უცნაურად დაასრულა ოლიგარქმა გამოსვლაც და საარჩევნო კამპანიაც. ბიძინას შემდეგ, სცენაზე გამოჩნდა ბერა, დიდი ხნის უნახავივით ჩაეხუტა მამას და როგორც ყოველთვის, გარეპა...

პ.ს: პირველი სიმღერის დასრულების შემდეგ, „მამიკოს სიხარულმა“ მამიკო ბიძინასთან ერთადაც იმღერა. ამღერდა მამა-შვილი...