საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული რეგიონებისა და თვით მოსკოვის აღფრთოვანება სერბეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ვიზიტად მყოფმა სერბეთის ახალმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სერბეთის პარლამენტმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში განიხილოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხი, რაზეც პუტინისგან სამადლობელი - 800-მილიონიანი კრედიტის გამოყოფის დაპირება მიიღო.
ნიკოლიჩის განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და კიდევ ერთი განცხადება, - რომ სერბეთი არ აპირებს ნატოში შესვლას, მოსკოვისათვის „სასიამოვნო სენსაციად“ იქცა, თუმცა თავად რუსი ექსპერტებიც არ უარყოფენ, რომ საქმე არც ასე მარტივადაა.
ნიკოლიჩის „დაპირებას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენტიტეტის პატივისცემა სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ სერბულ მხარესთან გასაუბრების შემდეგ ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი ცივილურად გადაწყდება: “ამ საკითხთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ქართველ და სერბ ხალხს ურთიერთმსგავსი ისტორიული წარსული აკავშირებს და აერთიანებს, რომელსაც თან სდევს მართლმადიდებლური ქრისტიანობის და კულტურული ურთიერთობის ფაქტორი. 1990-იან წლებში ორივე სახელმწიფომ ერთნაირი ტრაგიკული წარსული გავიარეთ. საქართველოს, ისევე როგორც სერბ ხალხს, ევროპული მისწრაფება გააჩნია და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცალსახად აღიარებს და დარწმუნებულები ვართ, რომ სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დაცვა, რომელიც ასევე გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და სუვერენტიტის პატივისცემას” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გაზეთი „კომერსანტი“ კი წერს, რომ პუტინს ტყუილად გაუხარდა ნიკოლიჩის განცხადებები, რადგან, მართალია, ის არჩევის შემდეგ პირველად მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ, იმავდროულად, პირველ ოფიციალურ ვიზიტს „ნატოს დედაქალაქში“ - ბრიუსელში გეგმავს. ის, რომ ნიკოლიჩმა ნატოში არშესვლის პირობა დადო და სოხუმისა და ცხინვალის აღიარების შესახებ გააკეთა განცხადება, სულაც არ ნიშნავს, რომ სერბეთი პრორუსული პოლიტიკის გატარებას იწყებს - წერს „კომერსანტი“.
ჯერ ერთი, ნიკოლიჩი ევროკავშირს უკვე დაპირდა, რომ ის „ევროპულ პოლიტიკას“ გაატარებს და მეორეც - სერბეთის პრეზიდენტს არ აქვს შესაბამისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ აღიარებისა თუ ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხი თავად გადაწყვიტოს. მას ამისთვის პარლამენტის თანხმობა სჭირდება, პარლამენტში ძალთან განლაგება კი ნიკოლიჩს მოსკოვში წარმოთქმული გულწრფელი თუ არაგულწრფელი „დაპირებების“ რეალიზების საშუალებას არ მისცემს. და ეს თავად ნიკოლიჩსაც კარგად ესმის: მოსკოვში ჩასვლამდე და პუტინთან შეხვედრამდე ის ბელგრადში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომელიც იქ სპეციალურად ევროკავშირის დავალებით ჩავიდა. მიროსლავ ლაიჩაკს კი ნიკოლიჩმა არა უბრალო დაპირება მისცა სერბეთის ევროპულ გზაზე დგომის შესახებ, არამედ ივნისში, თავისი ინაუგურაციის შემდეგ პირველივე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ჩასვლის პირობა დადო.