ბევრი ფიქრობს, რომ „ალფონსებთან“ ურთიერთობა ქალებისათვის მაინცდამაინც ხშირი მოვლენა არ არის და ცხოვრების გზაზე მათთან შეყრა ძირითადად შეძლებული და ნაკლებად მომხიბლავი ქალბატონების ხვედრია. სინამდვილეში საქმე ცოტა სხვაგვარად გახლავთ.
ზემოხსენებული ვითარება - ეს არის კლასიკური „ალფონსობის“ მაგალითი, მაგრამ გვხვდება ისეთი „ალფონსობაც“, რომელსაც „ყოფითი“ შეგვიძლია ვუწოდით. ანუ, საუბარია იმ შემთხვევაზე, როდესაც მამაკაცი უბრალოდ აწევს კისერზე თავის არცთუ მდიდარს, არცთუ მახინჯს და არცთუ ბებერ თანამეწყვილეს; ხოლო, თუ როგორ არ უნდა გავხდეთ „ალფონსის“ მსხვერპლი, ჩვენ სწორედ ამის თაობაზე ვისაუბრებთ.
თუკი მამაკაცი ჰპატიჟებს ქალს რესტორანში და ძვირფას საჩუქარს ჩუქნის, ამაში გასაოცარი არაფერია - ეს ისტორიული პრაქტიკაა, რომელიც ოდითგან აპრობირებულია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. ქალი ყოველთვის იყო ის არსება, რომელიც მამაკაცისაგან მოითხოვდა მზრუნველობასა და მფარველობას; მამაკაცი, ფიზიკურად ძლიერი ინდივიდი, ყველაფერ ამით უზრუნველყოფდა და ერთი ამისთანა უზრუნველყოფის ნიმუშია სწორედ მატერიალური მხარდაჭერა. სამწუხაროდ, დრონი იცვალნენ და ახლა ხშირია შემთხვევები, როდესაც პარტნიორები მატერიალურად დამოუკიდებელნი არიან ერთმანეთისაფან, ან მამაკაცი მთლიანად ქალზეა ყოფით ცხოვრებაში დამოკიდებული.
იმისათვის, რათა ამოვიცნოთ „ალფონსი“, სწორად უნდა შევაფასოთ მისი ძალები - ის უმეტეს შემთხვევაში კარგი ფსიქოლოგია, რომლისთვისაც საკუთარი საქციელი არა მხოლოდ თვითგადარჩენის საშუალებაა, არამედ ცხოვრების სტილი და გონების კარნახი. იგი მიჩვეულია პარაზიტურ ცხოვრებას. ფსიქოლოგების დასკვნით, ყველაზე ხშირად „ალფონსები“ ხდებიან ის მამაკაცები, რომლებიც ბავშვობაში გარემოცულნი იყვნენ ქალთა ყურადღებით - მათ ხშირად ასაჩუქრებდნენ და ანებივრებდნენ; დროთა განმავლობაში ეს მათ ექცათ ნორმად და ჩვევად.
საგულისხმოა, რომ „ალფონსები“ გარკვეულ გეგმასაც კი არ ადგენენ - „მუშაობენ“ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით და სიტუაციის შინაგანი შეგრძნობით.
რითი იწყება „ალფონსის“ „მოქმედება“? ცხადია, მსხვერპლის ამორჩევით. ამასთანავე, მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურება ან რა სოციალური მდგომარეობა უკავია ქალს.
ქალი შეიძლება იყოს მოხუციცა და ახალგაზრდაც, მსხვილი კომპანიის ფინანსური ხელმძღვანელიც და უბრალო მენეჯერიც, ლამაზიც და ულამაზოც - მთავარია, რომ ის მთლად დარწმუნებული არ უნდა იყოს საკუთარ ძალებში. განსაკუთრებით იოლად ებმებიან მსგავს ანკესზე „ბიზნეს-ლედები“, რომელთაც სურთ სითბო და სიყვარული, მაგრამ ამ სიყვარულის შენებისთვის არ ემეტებათ დიდი სულიერი ძალისხმევის დახარჯვა. მათ უნდათ, რომ ყველაფერი მოხდეს ერთბაშად და თავისთავად და ყველაფერ ამისათვის მზად არიან უხვად გაიღონ საბოძვარი.
საკუთარი მიზნის მისაღწევად შემდეგი ნაბიჯი „ალფონსისათვის“ არის არჩეული ობიექტის კვლევა. ამ დროს მან უნდა შეისწავლოს, როგორ მოიქცევა ქალი, როდესაც ფულის გადახდის დროს აღმოჩნდება, რომ მას საფულე სახლში „დარჩენია“; ამას გარდა, მან უნდა გაარკვიოს ქალის ყველა სისუსტეები და კომპლექსები. მაგალითად, თუ ქალს თავი მიაჩნია უშნოდ, მან უნდა დაარწმუნოს, რომ მასზე მომხიბლავი არავინ დაბადებულა ქვეყნად. თავდება ყველაფერი იმით, რომ ქალი ემოციურად მიეჯაჭვება „ალფონსს“ და იწყებს მის სრულფასოვან დასპონსორებას. აქვე უნდა ითქვას, რომ „ალფონსს“ ქალისგან შეიძლება სჭირდებოდეს არა მარტო ფულადი სახსრები, არამედ მისი ნაცნობობის წრე, კარიერის საფეხურებზე წინსვლაში დახმარება და ა.შ.
ახლა - იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გრძელდება მსგავსი ურთიერთობა. თუ ორივე მხარეს აწყობს ეს კავშირი, „სიყვარული“ შიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ დიდხანს. მაგრამ საბოლოოდ „რომანი“ მთავრდება რამდენიმე სახით: ან „ალფონსი“ იპოვის სხვა თანამეწყვილეს, რომელიც მატერიალურად უფრო მომგებიანი იქნება, ან ქალს შემოაკლდება დაფინანსების საშუალება და თმობს სარეცელის მეგობარს. ისეც ხდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქალი მოიკრებს სიამაყის ძალებს და თვითონ გააგდებს ამ ტკიპას, მაგრამ, ისეთი სამწუხარო ისტორიებიც ხდება, როდესაც „ალფონსი“ ისესხებს ქალისგან მსხვილ თანხას და სამუდამოდ დაიკარგება მის თვალთა არედან.
დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ „ალფონსებს“ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი თავით და საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ქალები, ამიტომ მათგან თავდასაღწევად ქალისათვის ყველაზე კარგი გზაა საკუთარი თვითშეფასების ამაღლება და იმის შეგნება, რომ ის იმსახურებს გაცილებით მეტს, ვიდრე ეს არის „სათამაშო“ სიყვარული, რომელიც იოლადაც იყიდება და იოლადვე შეიძინება!