• თბილისი
  • 8°C
  • 16 დეკემბერი, 2017
article

ვაჟა ფშაველას შემოქმედების ხელისშემწყობი ოჯახი

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ქართველებისათვის უდიდესი განძია. ქართული სიტვის ბუმბერაზს თავისი ნაწარმოებების შექმნა დიდ დროს ართმევდა. ხშირად, ეს ოჯახის საქმისაგან მოწყვეტასაც ითხოვდა. "მაღალი მთის მგოსანი" სხვა გზით როგორ იშოვნიდა ლუკმა-პურს, თუ არა პატიოსანი შრომით, სხვა რამეს როგორ იკადრებდა. ხშირად მის ოჯახს ბევრი რამ აკლდა. თუმცა, მთის გენიოსმა კარგად იცოდა თავისი ტალანტის ფასი და ქვეყანას არ მოაკლო ყოველი ქართველისათვის საამაყო შემოქმედება. გარდა ამისა, განა შეეძლო ვაჟა ფშაველას არ ეწერა? ის ხომ შემოქმედებისათვის, ხელოვნებისთვის, პოეზიისთვის დაიბადა, რათა "მარგალიტები ეთესა". მაშინაც და ახლაც, ნამდვილ შემოქმედებს, თითქმის ყოველთვის უჭირთ, მაგრამ, მოწოდებას ვერ უღალატებენ.

 

გამოჩენილი სიტვის ოსტატების შემოქმედება, ხშირად, მარტო მათი დამსახურება არ არის (თუკი შეიძლება ასე ითქვას). დიდია იმ ადამიანების წვლილიც, რომლებიც ოჯახში შეძლებისდაგვარად, შესაბამის ვითარებას და მყუდრო გარემოს უქმნიან ხელოვანს.

 

ვაჟა-ფშაველას ვაჟი, ვახტანგ რაზიკაშვილი (რომლის შესახებაც ვფიქრობთ, რომ დანამდვილებით მისი ღირსეული შვილი იყო), წერდა: “ჩვენც, როგორც მეზობელი გლეხები, ვხნავდით, ვმკიდით, ვთიბავდით, ვამუშავებდით ჩვენს მიწას და რასაც ვღებულობდით ნაყოფს, ეს იყო სულ ჩვენი დედულ-მამულის შემოსავალი. გვყავდა ხუთი თუ ექვსი სული ძროხა, ცხენი, რამდენიმე სული ცხვარი, საბარგოდ ერთი სახედარი ან ჯორი, აგრეთვე ქათამ-ინდაურები.

 

მთა-გორიანი მდებარეობის გამო, ურემი ჩვენში არ იცოდნენ, მის მაგივრობას ფშავური პატარა მარხილი ანუ ყალი (მანჯიკა) სწევდა.

 

წლიური სარჩო არ მოგვდიოდა. ყოველთვის გვაკლდა პური, რადგან მთამ საერთოდ, ნაკლები მოსავალი იცის; ამას გარდა, მამაჩემიც საკმარისს ვერ ხნავდა და სთესავდა, რადგან მეტ დროს წერას ანდომებდა, ქონების მოხვეჭა არ აინტერესებდა. საშუალება კი ჰქონდა, განა არა, შეძლებულად ეცხოვრა, თვითონ ევაჭრა მამისეულ დუქანში, მთელი ფშავ-ხევსურეთის ერბო-კარაქი თუ სხვა შემოსავალი თავად ჩაეგდო ხელში, რადგან ვერც ზევით და ვერც ქვევით მიმავალი მგზავრი ამ დუქანს ვერ ასცდებოდა. მარტო ღამის გამთევ მგზავრებიდან ქირის სახით მიიღებდა საკმაო შემოსავალს.

 

მამაჩემმა არც დუქნის გაქირავება და არც ვაჭრობით ფშავ–ხევსურთა გაყვლეფა არ ინდომა. მან ხალხის გაძარცვას და მოტყუებას არჩია ალალი შრომით ცხოვრება. ვცხოვრობდით გაჭირვებით, რაც გვქონდა იმას ვჯერდებოდით, ხსნილში სახსნილოს ვჭამდით და მარხვაში – სამარხვოს. დანაზოგი სტუმრისთვის გვქონდა შემონახული. მამა სტუმართან მაინც გამოჩნდებოდა, თუნდაც მეორე დღისთვის ლუკმაპურიც აღარ დარჩენოდა. სტუმრის დიდი მოყვარული იყო.”

 

ვაჟა-ფშაველას მეორე ცოლი, თამარი, რომელმაც დედობა გაუწია ობლებს და მეგობრობა მეუღლეს, იხსენებდა: "როცა ლუკას წერის განწყობა მოუვიდოდა, მიატოვებდა სამუშაოს და ბრუნდებოდა შინ.

 

ერთხელ მე და ლუკა ყანასა ვმკიდით სულა-კურდღელაურთ მამულში. იმ ხანებში რომელიღაც პოემაზე მუშაობდა (რომელზე, კარგად არ მახსოვს). ყანა ძალზე გადამწიფებული იყო. ორთავენი სამკალში ვიყავით. შუადღე გადასული იყო. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა - ყანა უნდა მოგვემკო სასწრაფოდ. ლუკას უცებ რაღაც აზრი მოუვიდა, ნამგალ-სათითეები ძირს დადო და აჩქარებული ნაბიჯით დაეშვა თავქვე, შინისაკენ. მივაძახე: კაცო სად მიდიხარ? ყური არ მათხოვა, გზა განაგრძო. მაშინ მივხვდი, რომ საწერად მიდიოდა.

 

დამტოვა მარტოკა ყანაში: მომკალიც, მკონავიც და ძნის ამგებელიც. სამივე საქმე მე უნდა შემესრულებინა მარტოკა. მეც ხომ ვერ მივატოვებდი ყანას. ბალღები საქონელთან იყვნენ: ზოგი - ინდაურებში და ზოგიც - ხბორებთან და ცხვრებთან. არავინ არა მშველოდა. მარტოკა ვმკე იმ დღეს ყანა. საღამოთი ავკონე, ავაგე წერებად და დაბინდებისას, ხურჯინ-საგზლით, წყლის ჭურჭლით, ჩემი და ვაჟას ნამგალ-სათითებით შინ ჩამოვედი.

 

საქონელი შეერეკათ და შეეყარათ ბაკში, რომელიც ახლოს, ხევს გაღმა, იფნისქვეშ გვქონდა შემოღობილი.

 

ლუკა მაგიდას მისჯდომოდა, რაღაცას წერდა. ჩემსკენ არ შემოუხედავს, თითქოს ვერც კი იგრძნო ჩემი მისვლა.

 

ავიღე ტაგნები ფურების დასაწველად და, როცა გამოვდიოდი, დამიძახა: ქალო, ხინკალი მინდა, ერთი ხინკალი მოვხარშოთო! დაღლილი ვიყავი ძალიან და დამეზარა. მაგრამ სიტყვა არ შემიბრუნებია, რადგან ლუკას თქმა ჩემთვის კანონი იყო.

 

გადავედი ბაკში. ფურები დავწველე, გადმოვიტანე რძე, სარძევეში ჩავწურე და დაღამებულში შევუდექი ხინკლის კეთებას. შეშა არ გვქონდა. მოვიტანე, დავჭერი, ცეცხლი დავანთე, ხორცი დავკეპე და ცომის ზელას შევუდექი. ძილი თავს მართმევდა. ძლივს ვახვევდი ხინკალს. როგორც იქნა. მოვხარშე ხინკალი და შევუტანე ხონჩით.

 

ლუკას სახეზე ღიმილმა გადაურბინა. შევატყვე ესიამოვნა. შემომხედა და მითხრა: ყოჩაღ დედაკაცოო! ლუკა ცოტას სჭამდა, მხოლოდ მალ-მალე უყვარდა პურის ჭამა.

 

ერთხელ, გუთანი დააყენა კვალში, ხარები არ გამოგვაშვებინა, წავიდა მაშინაც შინ - საწერად. მე და ბალღები ხარებს ვუდექით. შეწუხდნენ ხარები, უღლიდან იზიდებოდნენ. ვუდექით ხარებს და ვატრიალებდით ისევ კვალში.

 

მკაცრი კაცი იყო ლუკა, დაჟინებით ვერაფერს გავუბედავდით. სანამ თვითონ არ გადმოვიდა გუთანთან (მაშინ სახლის ახლოს, გაღმა, ყორულში ვხნავდით), ჩვენ ვერ გავბედეთ დაძახება.

 

ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა, ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი.

 

როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს, ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი, ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა. გაიცინა და მითხრა: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.”

 

გლეხის სიმღერა

 

აბა, შავხედნოთ ქვეყანას:

ძირს ვაკე, მაღლა მთებია;

ზოგან ხევები, სხვაგან ტყე,

კლდედ მიიუვალი გზებია.

რამდენჯერ დავფიქრებულვარ,

გულშიაც ცეცხლი მთებია;

სხვაზედ ვერაზედ დავმდგარვარ,

მარტო ეს მიფიქრებია:

ღმერთი რო კაცსა გააჩენს,

თანვე დაუწერს ბედსაო,

ზოგს მისცემს ბატონობასა,

სხვას-კი დაუხრის ქედსაო.

ვენაცვლე უფლის სახელსა,

ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო:

ღმერთმა დამბადა მუშადა,

იმან მიკურთხა მარჯვენა,

უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო

და გამოვკვებო ქვეყანა.

ალალის ოფლით ნაშონსა

ლუკმას ვსჭამ გემრიელადა:

ვიცი, რომ ჩემი შრომაა,

ჯაფით მოსული ხელადა;

 

დაღალულს ქვა რომ მაჭამო,

მომეჩვენება ქადადა.

ბედნიერი ვარ, ოღომც-კი

ქვეყანამ მიცნოს კაცადა.

კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ,

ვაჟკაცი ნამუსიანი;

ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ,

სახნავი სასუქიანი;

ზღვადა დგა ჩემი ყანები,

ყანები თავთუხიანი;

საქერეს ქერი მითესავ,

ქერია ჩარათიანი,

სავსე კოდები მიდგია

ყველიან-კარაქიანი.

ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა,

მარჯვენა ბარაქიანი!

უფალს აუნთებ სანთელსა,

გლეხურად შევეხვეწები;

იცის, გლეხი ვარ, შემინდობს,

თუნდაც დავაკლო წესები.

ვერთგულობ მამა-პაპასა,

იმათში მიდგა ფესვები.

სუყველა თავისი მაქვის,

სხვებისას არას ვეხები.