ნაწყვეტი 2011
წლის 26 მაისს, შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ნინო ბურჯანაძისა და ანზორ
ბიწაძის საუბრის აუდიო ჩანაწერიდან:
ანზორ ბიწაძე:
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გუშინ, გთავაზობ ასეთ რაღაცას, რომ ერთი კვირის
მანძილზე შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება ქართული პარტია და ესენი, ეს ამბები გადავაგოროთ.
მაინც შეიძლება გამოვიდეს, თუ პასუხისმგებლობას იღებ, მაშინ სამოქალაქო ომზე
წასვლაც ღირს. ღირს ძმაო 100 კაცის სიკვდილითაც და 500-საც.
ნინო ბურჯანაძე:
ხო, ეგრეა, კი.
ანზორ ბიწაძე:
ყველა ერმა, რომელმაც რაღაცას მიაღწია, სისხლით არის მიწა მორწყული სულ ყველასი.
ნინო ბურჯანაძე:
ამასაც არ აკლია.
ანზორ ბიწაძე:
არ აკლია ეგრეც არ არის, 200 წელია სისხლი არ დაღვრილა. მერე იცოდე პროცესს თუ
დაიწყებ იქ უკვე ერთ კაცს ფეხი მოტყდა და ორს თავი მოეჭრა ვსიო, მორჩა დამთავრდა
რა. მორჩა, იქ უკვე უკან სვლა აღარ უნდა დაიწყო რა და 40% რო მხარს უჭერს სააკაშვილს მე მაგაში ცუდს
ვერაფერს ვერ ვხედავ. განათებული რომ ჰქონდეთ ამათ ტვინი, მაშინ რევოლუცია აღარ
იქნებაოდა საჭირო რა. რის საფუძველზე ამბობენ 40%? 40%-ს ამბობს, რომ სააკაშვილს
მისცემს ხმასო?
ნინო ბურჯანაძე:
ნუ ეხლა ესე დეტალურად არ ვიცი, მაგრამ მითხრეს ესე...
... ანზორ ბიწაძე: 30 000 კაცი გამოვა. თავისუფლების მოედანს
გაავსებს ეგა? ხოდა მივიდეს ეხლა და მითვალოს იქა ოცდაათია თუ სამოცდაათი.
ნინო ბურჯანაძე:
აუ როგორ გვჭირდება ისა.
ანზორ ბიწაძე:
იქნება მოვასწროთ. იმათ არაფერი არ უნდათ ნინო. გადარიცხვის მეორე დღესვე ჩათვალე
ვსიო. ესენიც როგორი გაყუჩულები არიან.
ნინო ბურჯანაძე:
ვინ, ნაცები? ელოდებიან ჩვენ რას ვიზამთ. არა მაგენი არიან რთულ მდგომარეობაში
ანზორიკო, იმიტომ, რომ პაბალშომუ მართლა ფუ, ფუ, ფუ (ხეზე აკაკუნებს), ისე
მივყვებით, რომ რეალურად ვერაფერში ვერ გედავებიან რა.
ანზორ ბიწაძე:
ვიდეოები და რაღაცეები ექნებათ და გამოგვიჭერენ. ეუ აქაც თუ გვისმენენ და...
ეგვიპტის ვარიანტი იქნება. დროებითი
მთავრობა უნდა იყოს ყველა ვარიანტში, აბა კრება რაღად გინდა მაშინ? კომენდატსკი
ჩას და საგანგებო მდგომარეობა. ეგვიპტეში დაალაგეს, სამი თვე არ გასულა ტურისტები
ჩავიდნენ, მაგრამ იქ ჯარია ძლიერი.
ნინო ბურჯანაძე:
ჯარია ძლიერი.
ანზორ ბიწაძე:
ჩვენი ჯარიც კი დაგვიდგება გვერძე, მაგრამ მთხლეა რად გინდა. ჯარში ისეთი
სიტუაციაა, რომ უფ...
ნინო ბურჯანაძე:
ხო?
ანზორ ბიწაძე:
არა, რას ლაპარაკობ, ჯარი დაივიწყე ვაბშე.
ნინო ბურჯანაძე:
აბა პოლიცია ვერ მოგვერევა. კოჯრის ბატალიონი გვესვრის ვითომ?
ანზორ ბიწაძე:
არა კაცო, რა სისულელეა. შეიძლება კოჯრის ბატალიონი გამოვიდეს და გადაგიკეტოს გზა,
დაგიყენოს ტანკი, დაგიყენოს ბეტეერი, მაგრამ არ გესვრის.
ნინო ბურჯანაძე:
რატომ ხარ ეგეთი დარწმუნებული?
ანზორ ბიწაძე:
იცი რა, კოჯრის ბატალიონი თუ მესვრის ხო, პირველ იერიშს ავიცილებ და მერე დადგეს და
გრუს სპეცნაზთან გაარკვიოს ურთიერთობა.“
---
მიმდინარე წლის 26 მაისს, სახელმწიფომ
ქართულ შეიარაღებულ ძალებს გრუს სპეცნაზთან შეტაკება ააცილა, თუმცა სისხლი მაინც
დაიღვარა და ეს ბურჯანაძე–ბიწაძისგან განსხვავებით, დიდი დანაკლისი და ტკივილი
აღმოჩნდა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მძიმე კი – ნინო
ბურჯანაძის ესკორტის წევრების მიერ მოკლული ვლადიმერ (დათო) მასურაშვილის
ოჯახისთვის. ნინო ბურჯანაძე, რომელსაც სახელმწიფო ორგანოები მთელი დღის
განმავლობაში მოუწოდებდნენ სხვა ტერიტორიაზე გადაენაცვლათ და 26 მაისის
აღლუმისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გაეთავისუფლებინათ,
კატეგორიულად იმეორებდა, რომ ფეხს არ მოიცვლიდა და ხალხსაც ადგილზე დარჩენისკენ
მოუწოდებდა, თუმცა შს სამინისტროს დანაყოფების გამოჩენისთანავე, საკუთარი ესკორტით,
რუსთაველიდან გაქუსლა. თანაც ისე, რომ მისმა ესკორტმა, რომელშიც ბურჯანაძე–ბიწაძეები,
მათი თანაპარტიელები და დაცვის წევრები ისხდნენ, პოლიციის თანამშრომლებს
გადაუარეს. დაშავდა პოლიციის რამდენიმე და დაიღუპა ერთი თანამშრომელი. ასევე მისი
ესკორტის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა აქციის ერთი მონაწილე.
დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის
შეტაკება იმდენად ძლიერი იყო, რომ დათო მასურაშვილს სასიცოცხლო ორგანოები დაუზიანა.
ის სასწრაფო დახმარების ავტომანქანით მაშინვე წაიყვანეს ე.წ. არამიანცის
საავადმყოფოში, მაგრამ მასურაშილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა... მაშინ,
როცა მისი ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს და მაშინაც, როცა უკვე
ამაღლების ტაძარის მიმდებარე ტერიტორია, სამძიმარზე მისულ ხალხს ვერ იტევდა, პოლიტიკოსთა
და ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი აქტიურად ავრცელებდა ჭორს, რომ დათო მასურაშვილი
ცოცხალი იყო, ის არამიანცის საავადმყოფოში იწვა და შს სამინისტრო არასწორ
ინფორმაციას ავრცელებდა. მოგვიანებით კი ამავე ჯგუფმა საუბარი დაიწყო, თითქოს დათო
მასურაშვილის ნაცვლად კლონი დაასაფლავეს. იყო ვერსია, რომ ბურჯანაძის გაქცეულ
ესკორტს უკვე გარდაცვლილი დათო მასურაშვილის ცხედარი დაუდეს. თუმცა აღნიშნული
ინფორმაცია, რომ ჭკუადმყოფელ ადამიანს რეალურად არ მოეჩვენება, ალბათ საკამათო არ
უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ წინასწარ არავისთვის იყო ცნობილი, თუ დამფრთხალი
ბურჯანაძე, რომელიც ხელისუფლების დამხობას ჰპირდებოდა ხალხს, რუსთაველიდან ასე
გაიქცეოდა. სწორედ ნინო ბურჯანაძეს აკისრებს პასუხისმგებლობას შვილის სიკვდილზე
დათო მასურაშვილის დედა, რადგან მძღოლი გადაწყვეტილებას, რომ ხალხის მასები
გაერღვია და მათთვის გადაევლო, დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა.
დათო მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი, რომელსაც
ჯერ თვალზე ცრემლი არ შეშრობია, შვილს ასე იხსენებს: ,,ძალიან თბილი და
მოსიყვარულე ბავშვი იყო. სკოლაშიც მოწესრიგებული და კარგი მოსწავლე იყო, საოცარი
მეხსიერება ჰქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მთხოვა, მუხროვანში უშიშროების
ჯარში წავალო. ძალიან გამიჭირდა ამის გადაწყვეტა, მაგრამ ხელი არ შევუშალე. მაშინ
მუხროვანი განსაკუთრებულად მკაცრი დისციპლინით და სიმკაცრით გამოირჩეოდა. ჩიტაძის
ქუჩაზე მოხდა შერჩევა. 72 ბიჭიდან 14 შეარჩიეს. გახარებული მოვიდა. 2 წლის
მანძილზე მხოლოდ ორჯერ იყო სახლში, უბრალო დაგვიანებაც კი დეზერტირობად ეთვლებოდათ.
დათომ ბოლომდე გაუძლო, ჯერ კიდევ მაშინ გვიჩვენა ხასიათის სიმტკიცე.
ჯარიდან დაბრუნებულმა, ორი კვირის
მომზადების შემდეგ, წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები სახელმწიფო
უნივერსიტეტში. პარალელურად მუშაობდა ანტიტერორისტულ ცენტრში, შსს-ს
სპეცოპერაციების ცენტრის განაღმვის ქვეგანყოფილების უფროსად. მესამე კურსზე იყო,
როცა ამერიკაში გააგზავნეს გამნაღმველის კვალიფიკაციის მისაღებად. ლუიზიანას
შტატის პოლიციის აკადემიის უფროსმა პირადად მიულოცა კურსების დამთავრება, როგორც
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს. ამის შემდეგ მისმა ხელებმა მრავალი ასაფეთქებელი
ხელსაწყო გააუვნებელყო. მიჭირდა ამ სამსახურთან შეჩვევა, ყოველ დილით სამსახურში
წასვლისას პირჯვარს ვსახავდი. დაბრუნებისას ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ
მშვიდობით მომიყვანა...
ყველას რომ მშვიდად ეძინა, ეს ბიჭები
პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ყველგან, სადაც კი მუშაობდა დათო,
ერთგული და ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ჰყავდა. მეგობრებში და კოლეგებში დიდი
ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა. ყველას პატრონი და ქომაგი იყო. დიდთან – დიდი,
პატარასთან – პატარა. ბევრი თავისზე უმცროსი ბიჭი დააყენა სწორ გზაზე და
ვაჟკაცებად გამოზარდა.
– რუსეთ–საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა?
– აგვისტოს ომის დროს დათო დროებით არ
მუშაობდა. მაგრამ იმ დაძაბულ და საშინელ დღეს, როცა თბილისი პანიკამ მოიცვა,
ბიჭებთან ერთად იცავდა თბილისის მისადგომებს. როგორც რამდენიმე თვის შემდეგ მისი
მეგობრებისგან გავიგე, მოხალისედ წასულა... არ გამიკვირვებია, ის უფრო გამიკვირდებოდა
რომ არ წასულიყო. შემდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში,
ისანი-სამგორის რაიონის უფროსის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. ტიპიური კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო – ჭკვიანი, ტაქტიანი, განათლებული,
სამართლიანი, დაუღალავი , დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა, სულ ძილი აკლდა...
მეგობარს და სამსახურს არასდროს
უღალატებდა. ყველას საყრდენი და იმედი იყო. ყველას მრჩეველი, არასდროს დიდკაცობდა.
ყველას უყვარდა და ყველასთან სიყვარულს თესავდა. დისთვის ძმაც იყო და მამაც,
სიძესთან საოცარი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ყველა დააღონა. ყველა მის სიკეთეს
იხსენებს... 26 მაისს კი დატომ ყველას
დაუმტკიცა, რომ მარტო კარგი მეგობარი კი არა, გმირი და ვაჟკაციც იყო.
იმ ავად მოსაგონარ დღეს, ჩვეულებრივად
წავიდა სამსახურში. ვიცოდი მიტინგი რომ უნდა დაშლილიყო ან სხვა ადგილას გადაეტანათ, ძალიან არ განვიცდიდი,
ბიჭები ხომ უიარაღოდ იყვნენ წასული, მათ მინისტრის ბრძანებით, ერთი კვირის წინ ჩააბარებინეს იარაღი. ჩვეულებრივად
ყავა დავალევინე და გავაცილე, ეზოში პირჯვარი გადავწერე და შემოვბრუნდი, რა ვიცოდი,
რომ ეს ბოლო ნახვა იყო...
– 25 მაისს ესაუბრეთ მას?
– იმ დღეს რამდენჯერმე დავურეკე. ყველა
ურეკავდა – მეგობრები, ნათესავები, ყველა მშვიდობიან ღამეს უსურვებდა. ბოლოს თორმეტის ნახევარზე ველაპარაკე. დაძაბული
ვუყურებდი ტელევიზორს. რა ვიცოდი, რომ შეშინებული ვირთხებივით გაქცეულები,
ასე გაწირავდნენ და წარბის შეუხრელად
გადაუვლიდნენ ცოცხალ ადამიანებს. ვლოცულობდი, ყველას შვილი ცოცხალი დაუბრუნე მეთქი
ღმერთო! როცა ვნახე რა მოხდა რუსთაველზე,
ღვთისმშობელს შევავედრე, მაგრამ თურმე... ის ერთი გარდაცვლილი პოლიციელი, ვიზეც
საუბრობდნენ, ჩემი აღმოჩნდა! ნათესავები რომ მოვიდნენ შუაღამისას, მივხვდი როგორ
დამემხო თავზე ცა და დედამიწა...
33 წელი უბედნიერესი ქალი ვიყავი.
პატარაობიდანვე რჩევას ვეკითხებოდი დათოს
და ყველა პრობლემას ერთად ვწყვეტდით. გამიჭირდება მის გარეშე, არა მხოლოდ იმიტომ,
რომ შვილი დავკარგე, არამედ იმიტომ, რომ ძვირფასი მეგობარი და მესაიდუმლე წამართვა
სიკვდილმა.
მისმა მეგობარმა მითხრა, დედის
სიყვარული დათომ მასწავლაო. ჩემი შვილიშვილისთვის, გიორგისთვის, დათო იდეალი იყო.
ბაღში ჰკითხეს ვინ უნდა გამოხვიდეო. უპასუხა: ,,მინდა გამოვიდე დათო, მქონდეს
ნამდვილი იარაღი და მეცვას ფორმაო.’’ დათოს უსაყვარლესი ქალიშვილი – ანასტასია, 7
წლის გახდა. ალბათ დაიმახსოვრებს მამას. არ მინდა დაიჩაგროს, ყველაფერს ვაკეთებთ,
რომ უმამობა არ იგრძნოს. მამას ჰგავს, ულამაზესი გოგონაა და ძალიან გონიერი.’’
დათო მასურაშვილის ცხედარი ამაღლების ეკლესიიდან, საბურთალოს პანთეონში საპატიო ყარაულმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრმა სამგლოვიარო მუსიკით მიაცილა. დაკრძალვისას ჰაერში სამი გასროლა განხორციელდა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. დაკრძალვის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ხელისუფლების
პირველი პირები ესწრებოდნენ. მიუხედავად
იმისა, რომ შს სამინისტრომ და ალბათ დათო მასურაშვილმაც, რუსული გეგმის შესახებ წინასწარ
იცოდა, იგი თავის კოლეგებთან ერთად უარაღოდ, ცარიელი ხელებით იდგა ქვეყნის
ინტერესების დასაცავად. ალბათ სწორედ ამიტომაც გაბედა ბურჯანაძე–ბიწაძის ესკორტმა
მათთვის გადაევლო და ისე გაცლოდა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიას.