შს სამინისტროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ათეულობით თანამშრომელი ჰყავს. კრიმინალებთან და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის გარდა, ხშირად ისინი, პროფესიისთვის დამახასიათებელი ოპერატიულობის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევებს ეწირებიან. შს სამინისტროს თანამშრომლები: ზვიად კახაძე, ილია ლომსაძე, იასონ ულუმბელაშვილი, თამაზ ფატარიძე, თენგიზ ლილუაშვილი, სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპნენ. წელს შს სამინისტრომ ორი თანამშრომელი დაკარგა. უკანასკნელი მსხვერპლი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯანაშია, მიმდინარე წლის 24 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
11 წლის ნინო ჯანაშია მამას დიდი სიყვარულით იხსენებს. ამბობს, რომ ამაყობს მამამისით და მის სახელს განსაკუთრებულად უფრთხილდება.
ნინო ჯანაშია, თამაზ ჯანაშიას შვილი: ,,მამა 1975 წლის 29 ივლისს, სოხუმში დაიბადა. სოხუმის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. მისი უსაყვარლესი ქართულის მასწავლებელი – მანანა ცანავა, რომელიც პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ასწავლიდა, დღესაც დიდი სიყვარულით და სითბოთი იხსენებს. ის მისი მოუშუშებელი ტკივილია. სკოლის დამთავრების შემდეგ მამა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამის შემდგომ აფხაზეთის ომი დაიწყო და იძულებული გახდნენ აფხაზეთის ტერიტორია დაეტოვებინათ, თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად ინსტიტუტიც აქ დაამთავრა. შემდეგ მამამ სწავლა გააგრძელა ქუთაისის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და იმ პერიოდში მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. მამა საპატრულო პოლიციაში მუშაობდა და გარდაცვალების დღემდე პირნათლად ასრულებდა მის ვალდებულებებს. ბევრი მადლობა და სიგელი აქვს მიღებული.
მე მისი უსაყვარლესი პირველი ქალიშვილი ვარ. „ნინუჩიტა“ და „მამას გუტუნია გოგოს“ მეძახდა, მზე და მთვარე ამოსდიოდა ჩემზე. ყველაზე მეტად ვუყვარდი, სულ ამას მეუბნებოდა, რადგან მისი პირველი შვილი და პირველი სიხარული ვარ. მე გამოვაცდევინე თუ რა იყო მამობა. მამა ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, რაც უნდა დაღლილი მოსულიყო სამსახურიდან ერთად რომ არ გვეთამაშა ისე არ დაიძინებდა.
მეორე სიხარული იყო ჩემი ძმა – გიორგი ჯანაშია, რომელიც ჩემი დაბადებიდან შვიდი წლის შემდეგ გაჩნდა. მამა ისეთი გახარებული იყო... ყველას სიხარულით ატყობინებდა, რომ მისი გვარის გამგრძელებელი ვაჟკაცი შეეძინა, სიხარულისგან ცას ეწეოდა.
– განსაკუთრებულად რა გახსენდება მამასთან ურთიერთობაში?
– მე მამაჩემის შესახებ ბევრი რამ მახსოვს. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ყველანაირად ცდილობდა ერთად ვყოფილიყავით, როცა მოახერხებდა მე და ჩემი ძმა ყველგან მივყავდით, რადგან სიყვარული გადმოეფრქვია ჩვენთან, ყველა სურვილს გვისრულებდა, რა უნდა გვეთხოვა, რომ მამას ჩვენთვის არ შეესრულებინა. როცა პატარა ვიყავი ყოველ წელს ზაფხულში, როცა შვებულებაში იყო, დასასვენებლად მივდიოდით, სადაც დიდ სიხარულს ვიღებდით, რადგანაც მამიკო მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან იყო. პირველად მან წამიყვანა სკოლაში, როცა პირველი სკოლის ზარი დაირეკა ჩემთვის, ის უბედნიერესი იყო, უხაროდა მომესწრო შვილიო. საკუთარ თავს მამსგავსებდა და უხაროდა, რომ ვგავდი. დაბადების დღეებს მიხდიდა. ყოველი წლის 18 მაისისთვის, ანუ ჩემი დაბადების დღისთვის, განსაკუთრებით ემზადებოდა, რომ ჩემთვის სიურპრიზები მოეწყო. სიხარულისგან არ ვიცოდი მისთვის მადლობის გარდა რა მეთქვა. მამიკოს სიცოცხლის პერიოდში მისი ბოლო საჩუქარი ველოსიპედი იყო, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები, რომ არ გამიფუჭდეს, რადგან ყველაფერი მიყვარს მისი. გვაქვს მისი ნაყიდი საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც სულ მამიკოს მახსენებს და არავის ხელს არ ვაკიდებინებ. ბევრი შემიძლია მის სიყვარულზე და სიკეთეზე ვისაუბრო. ის ღვთის მოშიში იყო, სახლიდან ისე არ გავიდოდა, რომ არ ელოცა, სანთელი არ აენთო. სახლში დაბრუნებული ღმერთს მადლობას სწირავდა ყოველი დღისათვის.
– როგორ გაიგე მამის გარდაცვალების შესახებ?
– ავბედითი 2011 წლის 24 ივლისი იყო. მას ხუთ დღეში, 29 ივლისს, მხოლოდ 36 წელი შეუსრულდებოდა, რომელსაც უკვე ვეღარ შეხვდა.
გახსენებაც არ მინდა როგორ გავიგე ეს ამაზრზენი ამბავი. მე და ჩემი ძმა სურამში ვისვენებდით, იმ დღეს მამა მუშაობდა. იმდენჯერ დამირეკა, რომ მე თვითონ მიკვირდა ამდენჯერ როგორ მოიცალათქო, რადგან ყოველთვის დატვირთული რეჟიმი ჰქონდა. ახლა რომ ვუკვირდები, ეტყობა გრძნობდა მოახლოებულ უბედურებას. დედა დროზე ადრე ჩამოვიდა ჩვენს წამოსაყვანად, მან მითხრა, რომ მამიკო ცუდად იყო და საავადმყოფოში იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, და სასწრაფოდ უნდა წამოვსულიყავით თბილისში. დაუყონებლივ დავიძარით. ვერ მითხრა უცებ, რადგანაც ეშინოდათ ამ ამბის გაგებაზე მე ცუდად არ გავმხდარიყავი. ჩამოვედით თბილისში, მე მინდოდა მამასთან წავეყვანეთ, მეგონა ცოცხალი იყო, რა უნდა ექნა დედას, ამ ამბავს სხვა ვერ მეტყოდა, შეიკრიბა ჩემი უახლოესი ადამიანები და მითხრეს, რომ მამიკო უკვე აღარ იყო ჩვენთან. ეს ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, რა მექნა არ ვიცოდი, ოღონდ ჩემი მამიკო ცოცხალი ყოფილიყო... შემდეგ დეტალურად ამიხსნეს თუ როგორ მოხდა: მამა საპატრულო პოლიციაში მუშაობდა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გზაზე გადადიოდა, როდესაც მას ავტომანქანა დაეჯახა, ეს ისეთი შეტაკება აღმოჩნდა, რომ მამა ადგილზევე გარდაიცვალა. რა არ იღონეს, მაგრამ მას არაფერი შველოდა, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ზიანი ჰქონდა მიყენებული. ყველაფრის დაჯერება შემეძლო, გარდა მამიკოს გარდაცვალებისა. ეს ჩემი დიდი გულის ტკივილია, ის ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია. მაგრამ მე ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ, რადგან უკვე გვიანია, მე ის ძალიან მენატრება და მჯერა რომ ზეციდან გვიყურებს და გვიცავს. მე და ჩემი ძმა მის სახელს ყოველთვის გაუფრთხილდებით და ვიამაყებთ, რომ თამაზ ჯანაშიას შვილები ვართ.’’