2005 წლის 1 თებერვალს, გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ,,ჟიგულის’’ მარკის ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც 100 კილოგრამამდე ტროტილი და პლასტიკური მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქება განხორციელდა დისტანციური მართვის საშუალებით, მაშინ, როდესაც ავტომანქანასთან ახლოს პოლიციის სამი თანამშრომელი იმყოფებოდა, სამივე მათგანი გარდაიცვალა. დაშავდა უამრავი ადამიანი, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მან მთელ ქალაქში სერიოზული პანიკა გამოიწვია.
ეს იყო ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი ტერაქტი საქართველოს ისტორიაში. ტერაქტი, რომელიც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკის, ანატოლი სისოევის მიერ საგანგებოდ შექმნილ დივერსანტთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. შს სამინიტრომ უშუალო შემსრულებლები – გია ვალიევი, გია გასიევი და იოსებ კოჩიევი დააკავა. თუმცა დღემდე დაუსჯელი რჩება ამ სისასტიკის მთავარი დამნაშავე – გრუს პოლკოვნიკი სოსიევი.
შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლის, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკ – თამაზ იაკობიძის სიცოცხლე აღნიშნულმა ტერორისტულმა აქტმა შეიწირა. იაკობიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ამ ფაქტის შემდეგ დიაბეტით დაავადდა მისი მეუღლე, რომელიც 2009 წელს, მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობით გარდაიცვალა. ამავე წელს, 32 წლის ასაკში, მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობით გარდაიცვალა მისი ვაჟიც.
თამარ იაკობიძე, თამაზ იაკობიძის შვილი: ,,ეს იყო ოსი სეპარატისტების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტი. ჩემი აზრით ყველაზე საშინელი ტერაქტი, რომელიც საქართველოში მომხდარა. მე იმ დროს თბილისში ვიყავი. ტელეფონით შემატყობინეს აღნიშნულის შესახებ. გორში ჩასვლის შედეგ გავიგე, რომ სამ გარდაცვლილ პოლიციელთა შორის მამაჩემიც იყო... მამა იმ ავტომანქანისგან 50–100 მეტრში მდგარა რომელიც აფეთქდა. ნამსხვრევები საფეთქელში ჰქონდა მოხვედრილი...
ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა ამ აფეთქების შედეგად, უამრავმა ადამიანმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა. აფეთქების ადგილთან ძალიან ახლოს იყო სკოლა, ღმერთის წყალობით, არ იყო შესვენების, ან სწავლის დამთავრების დრო, თორემ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. ეს იყო ძალიან შემზარავი ფაქტი, აფეთქება არ იყო გათვლილი მხოლოდ სამი ადამიანის დაღუპვაზე, როგორც აღვნიშნე, სკოლასთან ახლოს მდებარეობს სამმართველო და შეიძლებოდა ასობით ბავშვი გამხდარიყო ამ ტერაქტის მსხვერპლი.
– თქვენ ესწრებოდით სასამართლო პროცესს?
– არა, პროცესს არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რომ შემსრულებლები გაასამართლეს, მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მთავარი დამკვეთი არ არის დაკავებული.
– როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მამათქვენს თვის პროფესიასთან, ოჯახთან?
– მამა შს სამინისტროში 80–იანი წლებიდან მუშაობდა. თავის სამსახურს, დაკისრებულ მოვალეობას, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. ძალიან კარგი ადამიანი, კარგი ქართველი იყო! მონაწილეობა აქვს მიღებული ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. როცა ოსებსა და ქართველებს შორის სიტუაცია დაიძაბა, გარკვეულწილად საფრთხის ქვეშ იყვნენ მისი პროფესიის ადამიანები, მაგრამ ის ამაზე სახლში არასდროს საუბრობდა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ იშვიათად არიან ისეთი ადამიანები და ისეთი მამები, როგორიც მამაჩემი იყო. ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია. იდეალური მამა და ადამიანი იყო. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ჩემთვის მისი დაღუპვა უდიდესი ტრაგედია იყო, მამასთან ერთად მე ძალიან კარგი მეგობარი დავკარგე.
რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა დედაჩემიც, მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობით. დედა ძალიან განიცდიდა მამას დაღუპვას, ნერვიულობის ნიადაგზე მაშინ მას დიაბეტი დაემართა...
– შს სამინისტრომ თუ დააფასა მამათქვენის გმირობა?
– გარდაცვალების დროს შს სამინისტრო დაგვეხმარა მორალურადაც და ფინანსურადაც. მას შემდეგაც ყოველთვის ვგრძნობთ ყურადღებას. ყოველ წელს, საახალწლოდ გადმოგვცემენ პრემიას საჩუქრის სახით, რაც ნიშნავს, რომ მათ ყოველთვის ახსოვთ მამაჩემი და მისი დამსახურება, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა შს სამინისტროს.