2008 წლის 17 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ ფლევში, შს სამინისტროს ორი თანამშრომელი გიორგი სხვიტარიძე და მარატ ნოზაძე მოკლეს. რუსების მიერ გამოგზავნილ უპილოტო თვითმფრივანზე ნაღმი ზუსტად მაშინ ამოქმედდა, როცა შს სამინისტროს განაღმვის სამმართველოს თანამშრომლები მის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ.
აფეთქების შედეგად, გიორგი სხვიტარიძე ადგილზე გარდაიცვალა. არსებობს ვარაუდი, რომ ასაფეთქებელი საშუალება რუსმა სამხედროებმა დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.
ლიანა ჯიშკარიანი, გიორგი სხვიტარიძის დედა: ,,უპილოტო თვითმფრინავი იყო შემოსული.. ჯგუფი გაგზავნა და თვითონ სხვა საქმეზე წავიდა. ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკავს, ვერ გავერკვიეთ რა ხდება და იქნებ დაგვეხმაროო. როგორც მომიყვნენ, რომ მისულა უთქვამს: ეშმაკს არ სძინავს, უკან დაიხიეთ, აქ არაფრის გაკეთება აღარ შეიძლებაო და აფეთქებაც მოხდა... როგორც მისმა თანამშრომლებმა, სპეციალისტებმა მითხრეს, ეს ან დისტანციური მართვით იყო, ან ულტრაიისფერი სხივი მოხვდა და ამოქმედდა. ასაფეთქებელი მასალა ზემოდან ჰქონდა დამაგრებული უპილოტო თვითმფრინავს, ის მოხსნეს და სხვა ადგილას წაიღეს, რადგან სადაც იპოვეს, იქიდან 200 მეტრში საგუშაგო იყო, რუსი სნაიპერები იდგნენ. სნაიპერმა არ გვესროლოსო და გაერიდნენ ტერიტორიას. იქვე დაიღუპა მარატ ნოზაძეც. ის და ჩემი შვილი ერთად იდგნენ, გიორგის ზურგს უკან ვინც იდგა, მას თვალები დაუზიანდა, ცალ თვალში აღუდგინეს მხედველობა 70%-ით, მეორეს ყურები ჰქონდა დაზიანებული. ვისაც თვალი დაუზიანდა, ის გვიყვებოდა, ბეგეს მხარმა გადამარჩინაო (ბეგეს ეძახდნენ გიორგის), იმდენად დიდი იყო ფიზიკურად, რომ მისმა სხეულმა დაიცვა აფეთქების დროს.
სამსახურიდან რომ მოვედი სახლთან ბიცოლაჩემი და ბიძაშვილის ქმარი შემხვდა, ბიცოლას ნამტირალევი სახე ჰქონდა, ვკითხე რა ხდება მეთქი? სოსოა ცუდად და სასწრაფო გამოვიძახეთო, ჩემს ძმაზე მითხრა. ეზო სავსე დამხვდა ხალხით, ვიფიქრე ჩემი ძმა მოკვდა მეთქი, გიორგიზე არც მიფიქრია, ათჯერ მაინც ვიკითხე გიორგის გააგებინეთ ბიძამისს რაც დაემართა? მერე ვთქვი, მაჩვენეთ ჩემი ძმა–მეთქი. ბიცოლაჩემმა მითხრა, შენი ძმა აქ არის, ჩვენ შენს შვილს ვტირითო. წარმოგიდგენიათ ალბათ რაც დამემართებოდა. მერე შემოიყვანა ორმა კაცმა ჩემი ძმა, მანამდე ვერ მენახვებოდა. 6 ნოემბერს გახდა 30 წლის და 17 ნოემბერს დაიღუპა.
– როგორ მოხვდა ის შს სამინისტროში?
– ძალიან უნდოდა ძალოვან სტრუქტურაში მუშაობა, პროკურატურაში და პოლიციაში ვერ ვიმუშავებო ამბობდა, ერთადერთი იყო უშიშროება, სადაც მუშაობა მოისურვა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დავწერეთ განცხადება.მთელი წელი ველოდეთ ამ სამსახურს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაგვირეკეს და თანხმობა უთხრეს. დაინიშნა დაცვის სამსახურში, შემდეგ თანდათან წაიწია წინ, ჩინიც მიიღო. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა კაპიტნის წოდება. მანამდე უფროსი ლეიტენანტი გახლდათ. სამსახურიდან გაიგზავნა ამერიკაში, ლუიზიანას შტატში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ, განაღმვის დეპარტამენტში დაინიშნა ერთ-ერთი ქვეგანყოფილებაში ჯერ ჯგუფის, შემდეგ განყოფილების უფროსად. ასე დაიწყო მისი კარიერა.
გიორგი ჩემი ერთადერთი შვილი იყო, უმამოდ გავზარდე. ძალიან ვნერვიულობდი ასეთი პროფესია რომ აირჩია, მაგრამ იმდენად აინტერესებდა და უყვარდა თავის საქმე, რომ ვერ შევეწინააღმდეგე.
– მონაწილეობდა რუსეთ–საქართველოს ომში?
– მთელი ომის პერიოდი იქ იყო, ოღონდ ყველას გვიმალავდა. მე რაჭაში ვიყავი როცა ომი დაიწყო, ის – ქობულეთში, იქიდან ჩემთან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მითხრა დამირეკეს და თბილისში მივდივარო, მაშინ ჯერ ომზე საუბარიც არ იყო. ყველას ატყუებდა, ჩვენს ნათესავებსაც, ბაზაზე ვარ, არსად გავდივართო. მისი საქმე ომის შემდგომი სამუშაოები უფრო იყო და ამიტომაც დავიჯერე. ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა. ომი რომ დამთავრდა უკვე მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, ფრთხილი იყო, ძლიერი, კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ამ დარგში. ლექციებსაც კითხულობდა. მაგრამ მოხდა ასეთი უბედურება. მისი თანამშრომლის ცოლებმა მითხრეს პანაშვიდზე, ასე ამბობდა, საახალწლოდ დედაჩემს სიურპრიზი უნდა გავუკეთოო. რა იყო ეს სიურპრიზი, არ ვიცი. ვეუბნებოდი, მოიყვანე ცოლი, 30 წლის ხარ, მე დავბერდი და მინდა შვილიშვილი გავზარდო, მალე მოვკვდები–მეთქი. გაგიჟდა, რას ამბობო, არ ეგონა, ოდესმე თუ მოვკვდებოდი, მე ხომ ამის წარმოდგენაც არ შემეძლო მასზე.
– თვითონ თუ ჰქონდა განცდა, რომ სახიფათო პროფესიის გამო, შეიძლებოდა მისი სიცოცხლე ნაადრევად დასრულებულიყო?
– სანამ უკანასკნელ მივლინებაში წავიდოდა, ორი კვირით ადრე, ყავას ვუდუღებდი, შემოვიდა ოთახში და მითხრა, ნახეთ, მე რა მალე მოვკვდებიო. მივედი, მოვეხვიე, რა სიზმარი ნახე, დედიკო, რატომ ამბობ ამას–მეთქი? გაიცინა, ხო მოგატყუე შე სვანოო. ჩვენ იმერლები ვართ, გვარი გვაქვს სვანური და მაბრაზებდა, სვანს მეძახდა ხუმრობით. ვფიქრობ, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გული რომ გამისკდა, აღარაფერი მითხრა. როგორი დარდიანიც უნდა ყოფილიყო, მე მამშვიდებდა, მაწყნარებდა და თვითონ ვინ იცის რამდენს ნერვიულობდა. ძალიან უყვარდა დილით ძილი, სამსახურში რომ მივიდოდი, იქიდან ვურეკავდი, არ ჩაგეძინოს და სამსახურში არ დაიგვიანო–მეთქი. იმ დილით რომ ავდექი, ეღვიძა. რატომ არ გძინავს–მეთქი ვკითხე, რა ვიცი, საერთოდ არ მიძინია, ვერ დავიძინეო. ვაკოცე, ყოველ დილით ვკოცნიდი, ისე არ გავიდოდა და არც შემოვიდოდა სახლში ჩემთვის რომ არ ეკოცნა. ფრთხილად იყავი–მეთქი გავაფრთხილე და წავედი. ეს იყო ჩემი ბოლო ნახვა. 9 ნოემბერი იყო...
გიორგი ძალიან დიდი პატრიოტი იყო. არავის მიმართ აგრესია არ ჰქონდა, ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, საქმე, მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. უჭკვიანესი პიროვნებააო, ამბობდა. მთელ განყოფილებას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, ქორივით არის გადაფარებული თავის თანამშრომლებზეო, ძალიან დიდ პატივს სცემდა მას. მისი გარდაცვალების შემდეგ, ზოვრეთის ქუჩას, ჩემი შვილის სახელი ეწოდა, მისი სახელობის სკვერი გაკეთდა. გახსნაზე მისი თანამშრომლები მოვიდნენ უფროსთან ერთად. დაბადების, გარდაცვალების დღეს სასაფლაოზე მთელი განყოფილება მოდის, ხშირად მირეკავენ, მკითხულობენ, საახალწლოდ საჩუქრები მოაქვთ...
მაია ცაგურიშვილი, გიორგი სხვიტარიძის დეიდა: ,,სამსახურებრივ თემაზე გიორგის სახლში არასდროს საუბრობდა. ის სამსახურში იყო სამხედრო, სახლში იყო ძალიან სხვანაირი, თბილი და საყვარელი გიორგი. ომი რომ დამთავრდა, ვუთხარი, გადავრჩით–მეთქი. ჩემი ომი ახლა იწყებაო, მიპასუხა. მართლაც ასე მოხდა.’’
გვანცა ჩიქობავა, დეიდაშვილი: ,,ლიას და გიორგის დედაშვილობა სამაგალითო იყო. ჩვენ და-ძმასავით გავიზარდეთ, თანატოლები ვართ, მაგრამ მისთვის დედა განსაკუთრებული იყო, ყველაფერი მისთვის უნდოდა, სულ საჩუქრებს უკეთებდა, ზრუნავდა მასზე. გიორგის პიროვნებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. დარწმუნებული ვარ ადამიანი არ დადის, ვისთვისაც მას უწყენინებია. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა. ახლა რომ ვუყურებ ძველ კადრებს, ყველგან ისეთი ნაღვლიანი თვალები აქვს, შეიძლება შინაგანად გრძნობდა კიდეც ამ ყველაფერს.’’
ლიანა ჯიშკარიანი, გიორგი სხვიტარიძის დედა: ,,შვილმკვდარი დედისთვის ნუგეში არ არსებობს, მაგრამ ჩემნაირ გაუბედურებულ დედებს მინდა ვუთხრა, გაუძლონ და ილოცონ თავიანთი შვილებისთვის. ყველა დედას გამძლეობას ვუსურვებ. მე ყოველ შაბათს ტაძარში ვარ, ვლოცულობ, ამაღლების ტაძარში, საიდანაც ჩემი შვილი და მარატ ნოზაძე გამოასვენეს. სხვა ჩემსავით გაუბედურებულ დედებს შვილები, შვილიშვილები დარჩათ, მე არავინ დამრჩა, ეს ერთადერთი შვილი მყავდა და ისე წავიდა, რომ არაფერი დამიტოვა ნუგეშად. მე თუ გავუძელი ამას და ვცოცხლობ, მათაც უნდა შეძლონ. ოცნებად მქონდა, იქნებ ვინმემ დამირეკოს და მითხრას: მე მყავს გიორგისგან შვილიო. არ გამოვიძიებდი, ეს ნამდვილი იყო თუ არა, მუხლზედაჩოქილი მივიდოდი, რომ ბავშვს თუ არ მომცემდა, მის აღზრდაში მაინც მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ესეც არ მოხდა’’...