2005 წლის პირველ თებერვალს, გორში, შს სამინისტროს შიდა ქართლის
სამხარეო პოლიციის შენობის ეზოში მომხდარ აფეთქებას სამი პოლიციელის სიცოცხლე
შეეწირა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, ტერორისტული აქტი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკის, ანატოლი სისოევის
მიერ იყო ორგანიზებული.
გამოძიების მიერ დადგენილია,
რომ გრუს პოლკოვნიკის ორგანიზებული გეგმის თანახმად, იოსებ კოჩიევმა, პოლიციის ეზოში საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე დააყენა ავტომანქანა, რომელშიც
ასაფეთქებელი საშუალება იყო განთავსებული. აფეთქებისას ავტომანქანასთან ახლოს
იმყოფებოდა შს სამინისტროს შიდა ქართლის
სამხარეო მთავარი სამმართველოს სამძებრო სამსახურის თანამშრომელი, პოლიციის
ვიცე–პოლკოვნიკი სოსლან მინდიაშვილი, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად
საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას სამი შვილი დარჩა.
გორში სოსლან მინდიაშვილის
არაერთი გმირობის შესახებ ჰყვებიან. მინდიაშვილი დიდხანს მუშაობდა სახანძროში, რა
დროსაც საკუთარი სიცოცხლის ფასად უამრავი ადამიანი გადაურჩენია სიკვდილს.
თამარ მინდიაშვილი, სოსლან მინდიაშვილის მეუღლე: ,,31 იანვარს მორიგე
იყო, იმ დღეს სულ რაღაც 10 წუთით შემოიარა სახლში, საბუთები აიღო და გაბრუნდა,
სამხარეოს უფროსს უნდა შეხვედროდა. საუბედუროდ შენობაში შესვლა ვერ მოასწრო. როგორც
თვითმხილველები ამბობენ, მანქანიდან რომ გადმოსულა (კადრებშიც ჩანს თეთრი მანქანა,
რომელსაც ცეცხლი უკიდია და მეხანძრეები აქრობენ) თანამშრომელი – გია მთვარელიძე
შეხედრია და წამიერად გაჩერებულან სასაუბროდ, სწორედ ამ დროს მომხდარა აფეთქება.
ეს ორი პიროვნება ძალიან ახლოს იდგა მანქანასთან.
– ადგილზე გარდაიცვალა
თქვენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლე საავადმყოფოში ცოცხალი მიიყვანეს, კადრებში ესეც ჩანს,
კედელთან არის პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა. მაგრამ მისი გადარჩენა
შეუძლებელი იყო. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ყველა ორგანო დაზიანებული და
გახეთქილი ჰქონდა. ის გონზე იყო როცა საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მე ცოცხალი
არ მინახავს. ოთახში, სადაც ის შეიყვანეს, იყვნენ მისი დაჭრილი თანამშრომლები, ძალიან
ბევრს ვკითხე რას ამბობდა ის ბოლო წუთებში, მაგრამ თანამშრომლები ამაზე არ
საუბრობენ, მეუბნებიან რომ მხოლოდ შველას ითხოვდა.
სამი წლის ხდებოდა ჩვენი ვაჟი იმ დროს. მამამისმა სამმართველოს უკან
მდებარე საბავშვო ბაღში მიიყვანა, რომ ბაღში თვითონ ეტარებინა. როცა აფეთქება
მოხდა, მე და ჩემი ერთი ქალიშვილი ბაღში წავედით. დავინახე ჩვენს მანქანას ცეცხლი
ეკიდა...
მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, გასახსენებლად
მაინც ძალიან მძიმეა და დღემდე მიჭირს ამ თემაზე საუბარი. 47 წლის ასაკში
გარდაიცვალა. ჩვენი გოგონები მაშინ 17 და 18 წლის იყვნენ, ვაჟი სამის, ძალიან
ბედნიერი იყო ვაჟი რომ შეგვეძინა...
– როგორი იყო ოჯახთან,
სამსახურთან მიმართებაში?
– ძალიან თბილი იყო. ყველა, ვინც იცნობდა ჩემს მეუღლეს მის
ვაჟკაცობაზე, სიკეთეზე საუბრობს. ყველაფერი ეხერხებოდა. არ არსებობდა საქმე
წამოეწყო და ბოლომდე არ მიეყვანა. ვაჟკაცები სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენო,
სწორედ ისეთ ადამიანებზეა ნათქვამი, როგორიც ჩემი მეუღლე და გორის ტერაქტის დროს
დაღუპული ორი პოლიციელი – იაკობიძე და მთვარელიძე იყვნენ. სადაც მივალთ, ვინც კი
გაიგებს, რომ ჩვენ მისი ოჯახის წევრები ვართ, ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით
გვხვდებიან და იხსენებენ. საშინელებაა, როცა გვერდიდან ასეთი ადამიანი გეცლება და
რჩები სამი შვილით მარტო.
– შსს–ს მხრიდან თუ
გქონდათ ყურადღება, დახმარება?
– ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და
დიდი მადლობა გადავუხადო შსს–ს ხელმძღვანელობას, რომ არ ივიწყებენ დაღუპულთა
ოჯახებს და უწევენ მატერიალურ დახმარებას. ეს ძალიან დადებითად მოქმედებს შვილებზე.
ჩვენი პატარა მაშინ სამი წლის იყო, ახლა 9 წლის არის და როცა შს სამინისტროში
გვიბარებენ დახმარების გადმოსაცემად, ბავშვი სიამაყის გრძნობით ივსება. მამა კარგი
რომ იყო, იმიტომ აფასებენ ასეო ამბობს.
– თქვენი შვილიც ხომ არ
აპირებს გაჰყვეს მამის პროფესიას?
– ნამდვილად არ დავუშლი თუ მოინდომებს. ჯერ პატარაა და არ არის
ჩამოყალიბებული რა უნდა გამოვიდეს, მაგრამ მე ძალიან მინდა იყოს ისეთი ადამიანი,
რომ შეძლოს ხალხის დახმარება. მინდა ისეთი გავზარდო, როგორიც მამამისს სურდა.
– დიდი ხნის დაწყებული
ჰქონდა მუშაობა შსს–ში თქვენს მეუღლეს?
– შეიძლება ითქვას სკოლის მერხიდანვე. 17 წლიდან ფორმა ეცვა.
გარკვეული პერიოდი სახანძროშიც მუშაობდა. რეგიონალური სახანძრო სამმართველოს
უფროსად.
– მანამდე ჰქონია მას
სიცოცხლისთვის სახიფათო შემთხვევები?
– ძალიან ბევრი. გორში იყო ძალიან მასშტაბური ხანძარი. მიუხედავად
იმისა, რომ თვითონ უკვე თანამდებობაზე იყო, არ აცდიდა მეხანძრეებს, პირველი თვითონ
ავიდა ცეცხლმოკიდებული სახლის სახურავზე და ძლივს გამოვიდა ცოცხალი იქიდან.
აგარაში, ბენზინით სავსე ავზები იწვოდა, აფეთქების საშიშროება იყო, მაგრამ უკან არ
დაუხევია. ამბობდა ჯობდა მე დავღუპულიყავი, ვიდრე ის აფეთქებულიყო და მთელი
მოსახლეობა შეეწირაო. ასეთი სულისკვეთება ჰქონდა ყოველთვის. დაკისრებულ მოვალეობას
ზედმიწევნით საუკეთესოდ ასრულებდა.
ახლახანს გორის ტერაქტის დროს დაღუპულ პოლიციელებზე ადგილობრივმა
ჟურნალისტმა გადაიღო ფილმი – ,,კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს’’, სადაც ძალიან ლამაზად
არის აღწერილი სამივე დაღუპულის ხასიათი, სიკეთე. ეს ადამიანები მართლაც დააკლდნენ
ქალაქს, ქვეყანას და მის ოჯახებს.’’